„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას ავტოფარეხებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონებას ჰპირდება.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ამ კუთხით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზეც იმუშავებენ.
„რუსთავშიც დასრულდა „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა. რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქ წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას და სწორედ რუსთავში, ისე როგორც სხვა იმ ქალაქში, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, იწყება კონკრეტული საქმის კეთება.
თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ დღეიდან მათ შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. ეს იქნება ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის არჩევნებზე რუსთავის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გახდა, თუმცა საკრებულო ოპოზიციურია.
საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერისა და პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ნოდარ შეროზია გახდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16-16 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, 3 კი – გახარიას პარტიას.