LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები –  ვინ აგებს პასუხს სახანძრო უსაფრთხოებაზე

„ყველა ობიექტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახანძრო უსაფრთხოების სისტემით,“  – ჩანაწერი კანონში, რომელიც, ერთი შეხედვით, ელემენტარულად ჟღერს, არაერთი სიცოცხლის ფასადაც კი  უგულვებელყოფილია.

“2017 წელს „ლეოგრანდმა“ ვერ დააკმაყოფილა სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრებული კრიტერიუმები და შესაბამისად, მან რეკომენდაცია ვერ მიიღო,”  –  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სულხან ღლონტმა, ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.

„შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე,“  – აცხადებდა ადგილზე ჩასული შსს მინისტრი. 

სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფის შედეგი ასეთია – დაღუპული 11 ადამიანი და 21 დაშავებული. მომხდარის საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ გაისმა დაპირება, რომ ინციდენტს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.

„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადა  პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია,  რომ იგივე დაპირებები ისმოდა 2015 წლის 10 მაისსაც, როდესაც ქობულეთში,  სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა.

 

სანამ ურემი ამოტრიალდება…

სახელმწიფოს კონტროლი სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე შემდეგ ობიექტებზე ვრცელდება:

  • სავაჭრო ცენტრები/ ჰიპერმარკეტები;
  • საკლუბო-გასართობი ცენტრები 300 მ​2-ზე მეტი ფართობით;
  • ას და მეტადგილიანი სასტუმროები და ა.შ.

მოქმედი კანონმდებლობით და სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით,  ასეთ  შენობებს  უნდა ჰქონდეს სახანძრო სიგნალიზაციის  და კვამლსაწინააღმდეგო სისტემები,  აუცილებელია, ობიექტში იყოს ცეცხლმაქრები და  სპეციალური ჰიდრანტები. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, „ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ობიექტებისათვის შემუშავებული უნდა იქნას ხანძრის პირობებში ევაკუაციისას  პერსონალის მოქმედებების ინსტრუქცია. ობიექტების ხელმძღვანელებმა, არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ, უნდა უზრუნველყონ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმება და  ხანძრის დროს პერსონალის მოქმედებების გავარჯიშება“.   

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორ იცავენ სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს მასობრივი თავშეყრის ადგილებში,  სასტუმროებში,  კინოთეატრებსა დ სავაჭრო ცენტრებში.

ადგილი, სადაც უფროსებთან ერთად, ბავშვებიც ხშირად ერთობიან სავაჭრო ცენტრი ისთ-ფოინთია.  სავაჭრო ცენტრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ფორტუნასთან“ ამბობს,  რომ უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სავაჭრო ცენტრშია დანერგილი, ამერიკული და ინგლისური სისტემების ანალოგია.

„6 თვეში ერთხელ  ხდება  სასწავლო განგაშის ინსცენირება, რომელშიც, შიდა პერსონალთან ერთად, მაღაზიებიც არიან ჩართული. ამავე პერიოდულობით ხდება მომსახურე პერსონალის გადამზადებაც, თუ როგორ დაეხმარონ მომხმარებელს ფორსმაჟორულ ვითარებაში.  დეპარტამენტი 6 თვეში ერთხელ ამოწმებს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა დეტალს, მათ შორის  კვამლის გამწოვი და გახმოვანების სისტემების მუშაობას. გეგმიურად მოწმდება ცალკეული მაღაზიებიც. ცალკე სისტემაა ლიფტებისთვის –  განგაშის დროს, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი, ნებისმიერი პოზიციიდან ჩამოდიან პირველ სართულზე და იღება კარი. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ირთვება გენერატორი, რომელიც ყველა სისტემის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.ზოგადად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხი შენობის დაპროექტებაშივე გათვალისწინებულია. მაგალითად, ბავშვთა გასართობ ცენტრს აქვს 4 საევაკუაციო გასასვლელი, ყველა მაღაზიას აქვს სათადარიგო კარი და ა.შ.“ – განუმარტა „ფორტუნას“ ირაკლი  სანიკიძემ.

თბილისის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო კოსტე (ყოფილი სასტუმრო  „ვარაზი“). სასტუმროში ამბობენ,  რომ ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტებს იცავენ,  თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა პერიოდულობით ხდება სისტემების შემოწმება. 

„შენობას აქვს სახანძრო კიბე და ყველა სართულის გასასვლელი სახანძრო კიბესთან გადის. ზაფხულში ჩავატარეთ სასწავლო განგაშიც. რაც შეეხება სისტემების გამართულობას, ხელშეკრულება გვაქვს დადებულ  კომპანისთან, რომელმაც უსაფრთხოების სისტემა დაამონტაჟა და მის გამართულად მუშაობასაც ისინი აკონტროლებენ,“ – ამბობს“ფორტუნასთან“ სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი, გიორგი საჯაია.

მასობრივი თავშეყრის კიდევ ერთი ადგილი კინოთეატრია. კინოთეატრების „ამირანის“ და „რუსთაველის“ მენეჯმენტმა ფორტუნას კითხვებზე პასუხისთვის დღის  განმავლობაში დრო ვერ გამონახა.

ჩვენს მიერ გამოკითხული ობიექტების  უმრავლესობაში აცხადებენ,  რომ ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტებს სრულად  აკმაყოფილებენ, თუმცა,  რეალურად რამდენად ეფექტურად და გამართულად მუშაობს სისტემები,  (სასტუმროს “ლეოგრანდის” უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, შენობაში სახანძრო სისტემაც არსებობდა და სახანძრო კიბეც), ამას შესაბამისი უწყებები ამოწმებენ.

სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მშენებლობის პროცესში გათვალისწინებას მერიის არქიტექტურის სამსახური აკონტროლებს. პროცედურა  სავალდებულო  2017 წლის პირველი იანვრიდან გახდა. რაც შეეხება 2017 წლამდე აშენებულ შენობებს,  სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ევალება.  სააგენტოს მიერ  სპეციალურ ნუსხაში შეტანილი ობიექტების დეტალური შესწავლა 3 წელიწადში ერთხელ ხდება. წელიწადში ერთხელ კი სავალდებულოა, ყველა ობიექტმა გაიაროს მონიტორინგი. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ობიექტი ფინანსური სანქციით ჯარიმდება.  

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შემდეგ გაირკვა, რომ  სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სასტუმრო  დაჯარიმებული იყო, რაც მსხვილბიუჯეტიან  ობიექტს, სავარაუდოდ, დიდ ტვირთად სულაც არ დააწვა. უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან მაქსიმალურ 300 ლარამდე მერყეობს.  „ლეოგრანდში“ სტანდარტული  ნომრის დღიური ღირებულება კი 190 ლარია. ამასთან, ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდის“ მშენებლობა 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, განსხვავებით სასტუმრო“ არმაზისა“, რომელიც კუსტარულად, ე.წ. პლასტიკატით იყო შეფუთული, რამაც სწრაფი აალება გამოიწვია.

ლონდონის ტრაგედია

მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარმა მსხვერპლი გამოიწვია ლონდონშიც.  14 ივნისს  ლონდონში 24-სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა,  ადგილზე 200 მეხანძრე მუშაობდა, დაიღუპა  6 და დაშავდა 74 ადამიანი.

 

 

თამუნა გოგუაძე