LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიკო: ბაზარზე ქართული წარმოების საბავშვო ჩიფსები გამოჩნდება

713

კომპანია ”ფრეკო” ფრის შემდეგ უკვე ჩიფსების წარმოებას იწყებს. ახალი პროდუქცია საწყის ეტაპზე ბავშვებისთვის დამზადდება და რეალიზაციაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ჩაეშვება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, ჩიფსი განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადდება და მასში მხოლოდ ნატურალური სანელებლები იქნება გამოყენებული.

“ეს იქნება ჩიფსი ბავშვებისთვის, რომელიც ბუნებრივ სანელებლებზე დამზადდება და ექნება მაქსიმუმ 6 -თვიანი შენახვის ვადა. თავდაპირველად ჩიფსი მხოლოდ ერთი შეფუთვით გამოვა, 25 გრამიან შეფუთვაში. შერჩეული გვაქვს უკვე სახელიც პროდუქციისთვის- ჩიფსები ”კიკოს” ბრენდის ქვეშ გაიყიდება. რაც შეეხება არომატს, თავდაპირველად სანელებლებად გამოვიყენებთ აჯიკასა და სვანურ მარილს”, – აცხადებს ქურდაძე.

მისივე ინფორმაციით, სატესტოდ 20 ათასი ცალი პატარა პაკეტი დამზადდება და იმ სავაჭრო, თუ კვების ობიექტებში გაიყიდება, სადაც ”ფრეკოს” ფრი უკვე იყიდება.

შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებული ”ფრის” ადგილობრივით ჩანაცვლება ”ფრეკომ” ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული გაყინული კარტოფილი სარეალიზაციო ქსელში მიმდინარე წლის თებერვლიდან გამოჩნდა. ქართული ფრის ყიდვა მომხმარებელს ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ ”აგროჰაბში” და 40-ამდე კვების ობიექტში შეუძლია.

”ფრეკოს” ფრის მწარმოებელი ქარხანა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მდებარეობს და ის ოფიციალურად 2017 წლის იანვარში გაიხსნა. კომპანიამ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. ქარხანაში ჯამში 400 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები