არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს და ეპიდვითარების გამო, სკოლების შესაძლო დახურვის საკითხს ეხმიანება.
კავთუაშვილი წერს, რომ სკოლების სრული დაკეტვა მხოლოდ პრობლემებს უქმნის ასიათასობით ბავშვსა და მათ ოჯახებს.
მეგი კავთუაშვილი მოუწოდებს მთავრობას, კიდევ ერთხელ არ მიიღოს მავნებლური გადაწყვეტილება, დარჩეს წერტილოვანი შეზღუდვები სკოლებში და გამკაცრდეს კონტროლი ყველგან, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რითაც სასკოლო საზოგადოება გადაადგილდება.
მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“სკოლების დახურვა ასიათასობით ბავშვის და მათი მშობლის პრობლემაა.
ამ წერილს იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვისაც არ ესმის, როგორ შეიძლება ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაშიც კი მშობელს არ უხაროდეს სკოლების online გადასვლა.
ჩვენ ყველა ჩვენი ჰორიზონტალიდან ვიყურებით. ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების გამოცდილებით ვაფასებთ სიტუაციას. ასოციაციაში, რომელსაც ვხელმძღვანელობ 15 მუნიციპალიტეტიდან არიან მშობლები, მათ შორის, დედაქალაქში, დიდ და პატარა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები მშობლები. ზოგის შვილი საჯარო სკოლაში დადის, ზოგიც – კერძოში. მათი დახმარებით ჩვენს ასოციაციას აქვს შესაძლებლობა წვდომა ჰქონდეს იმაზე უფრო დიდ ჰორიზონტზე, ვიდრე ერთი “ბაბლია”.
ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ და ვწერ:
◾ არსებობენ ოჯახები, სადაც მშობლები მუშაობენ, მაგრამ იმის გამო რომ არ აქვთ მაღალი შემოსავალი, არც ძიძა ჰყავთ, არც დამხმარე, არც პაპა-ბებია ან ოჯახის სხვა მოცლილი წევრი, რომელიც დაიტოვებს და მიხედავს უმცროსკლასელ ბავშვს სახლში. სკოლების დაკეტვისთანავე ასეთ ოჯახებში მომენტალურად ჩნდება ბავშვის უსაფრთხოების დაცვის პრობლემა.
◾ არსებობენ ოჯახები, სადაც მშობლები 24 საათიან რეჟიმში, მათ შორის, ღამის ცვლაშიც მუშაობენ და მათი გაჩერება გამოიწვევს დანარჩენი საზოგადოებისთვის საფრთხეს. ისინი არიან ექიმები, პოლიციელები, მეხანძრეები და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესიების წარმომადგენლები. მათი შვილებისთვის მაინც აუცილებლად ღია უნდა იყოს სკოლა და ბაღი. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები დგებიან არჩევანის წინაშე – იზრუნონ საკუთარ შვილზე თუ დაიცვან პაციენტების ჯანმრთელობა და მოქალაქეების უსაფრთხოება.
◾ არსებობენ ოჯახები, სადაც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებისთვისაც დამღუპველია იზოლაცია და სკოლის მიღმა დატოვება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სკოლა უნდა იყოს ღია და მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი რესურსოთახებზე, თერაპიულ სერვისებზე თუ სხვა საჭიროებებზე.
◾ არსებობენ ოჯახები, სადაც ცხოვრობენ მოზარდები, რომლებიც ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ვეღარ უმკლავდებიან ფსიქიკურ პრობლემებს, Online სწავლების გამო დარღვეული აქვთ კვების და ძილის რუტინა, ეწყებათ შფოთვითი აშლილობა და სუიციდური ფიქრები. ბევრ მათგანს არ ჰყავს მხარდამჭერი მშობელი, რომელიც აცნობიერებს, რომ მის შვილს სპეციალისტის დახმარება სჭირდება. ვისი მშობელიც ამას ხვდება, მათ შორის ძალიან ცოტას აქვს ფინანსური შესაძლებლობა საათში 60 ლარი გადაიხადოს და ფსიქოთერაპიაზე ატაროს შვილი. შესაბამისად ეს ბავშვები სახელმწიფოს რჩება სრულიად უყურადღებოდ. თუ სკოლას დაუკეტავს, ამით სრულ პასუხისმგებლობას მოიხსნის ათასობით მოზარდის წინაშე, რომელსაც სჭირდება სკოლა არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ ფსიქიკური სიჯანსაღისთვის.
◾ არსებობენ სოფლად მცხოვრები ოჯახები, სადაც მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, საზოგადოება, მათ შორის ბავშვები მაინც ურთიერთობენ ერთმანეთთან. სოფლად მცხოვრებ ოჯახებს ნაკლებად ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი პერსონალურ კომპიუტერებსა და ხარისხიან ინტერნეტზე. Online სწავლება მათთვის ავტომატურად ნიშნავს გაცდენილ გაკვეთილებს და საოჯახო შრომაში ჩართვას. სკოლების დაკეტვის მიუხედავად ბავშვები მაინც ხვდებიან თანაკლასელებს, მშობლები და მასწავლებლები ერთმანეთს. ასეთ სოფლებში სკოლების დაკეტვა და სხვა შეზღუდვების არ დაწესება ბავშვების წინაშე ჩადენილი სიბოროტეა.
◾ არსებობენ ოჯახები, სადაც ცხოვრობენ მასწავლებლები და მათი მცირეწლოვანი შვილები. შეუძლებელია ადამიანს მოსთხოვო ერთდროულად იზრუნოს თავის შვილზე და ჩაატაროს გაკვეთილები სხვისი შვილებისთვის, მაშინაც კი, როცა თავად არის კოვიდინფიცირებული. არავინ, მათ შორის არც მასწავლებელი არ არის ვალდებული, ავად ყოფნის დროს იმუშაოს თუნდაც online, რაც სულაც არ არის ხელწამოსაკრავად შესასრულებელი საქმე. თუ მასწავლებლები ავად გვყავს, გამოცხადდეს დასვენება. ვაღიაროთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა და ვაცადოთ ადამიანებს გამოჯანმრთელება, მაგრამ ამის გამო ნუ გადავიყვანთ სკოლებს online-ზე. ტყუილად ნუ ქმნით ილუზიას, რომ ყველაფერი რიგზეა. “მოპწიჩკვა” ვერ უშველის ამ საქმეს.
◾ არსებობენ მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც გაუსაძლისი ხდება დილა, იმის გამო რომ არც კომპიუტერი აქვთ იმდენი, რამდენიც სჭირდებათ, არც პირობები სრულფასოვანი ჩართვისთვის და არც თანაბარი შესაძლებლობები, ჩაერთონ online გაკვეთილებში. გასული შეზღუდვების დროს ასეთი ქაოსის გამო, ჯერ კიდევ რეაბილიტაცია სჭირდებათ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებსაც და მშობლებსაც, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თუ მილიონერი არ ხარ.
კიდევ ბევრნაირი ოჯახი არსებობს…
ამ ყველაფერს თუ გაიხსენებენ მთავრობის წევრები, მიხვდებიან, რომ სკოლების სრული დაკეტვა მხოლოდ პრობლემებს უქმნის და უღრმავებს ასიათასობით ბავშვს და მათ ოჯახს. და ვერ უგვარებს, რადგან ქვეყანაში ყველა სხვა დარგი მუშაობს სრული დატვირთვით.
თუ სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და მშობელიც ჩვეულებრივ ივლის:
◾ რესტორნებში
◾ სავაჭრო ცენტრებში
◾ უბნის ბირჟებზე
◾ მეზობლებში
◾ ნათესავებში
◾ დაბადების დღეებზე
◾ პანაშვიდებზე
◾ თავშეყრის სხვა ადგილებში
◾ თუ ბავშვები ივლიან ცეკვაზე, სპორტზე, დაბადების დღის ცენტრებში და სხვა მაღალი რისკის სივრცეებში.
და იქ არავინ გააკონტროლებს უკეთიათ თუ არა პირბადე, არიან თუ არა ვაქცინირებული.
მაშინ რატომ ვკეტავთ სკოლებს?
სკოლა ხომ ყველაზე უკეთ იცავს წესებს?
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლის დაკეტვა ყველაზე მეტად აზარალებს როგორც დღევანდელ, ისე ხვალინდელ დღეს. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ და ვიცით რა ზიანსაც გვაყენებს.
საქართველოს მთავრობა,
დატოვეთ წერტილოვანი შეზღუდვები სკოლებში, გაამკაცრეთ კონტროლი ყველგან – მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რითაც სასკოლო საზოგადოება გადაადგილდება, ვაქცინებით იარეთ სოფელ-სოფელ და კარდაკარ, დაარწმუნეთ ადამიანები, გონივრული გადაწყვეტილების სარგებელსა და საწინააღმდეგოს ზიანში. და კიდევ ერთხელ ნუ მიიღებთ მავნებლურ გადაწყვეტილებას”, – წერს მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში.
არანაირი კომპრომისი, სკოლები დატოვეთ ღია, ბავშვები ვერ მოიცდიან: UNICEF