ლიტერატურულ სამყაროს კიდევ ერთი ნობელიანტი მწერალი ქალი ჰყავს – პრემიის მფლობელი სულ ცოტა ხნის წინ პოეტი და ესეისტი ლუიზა გლაკი გახდა.
ნობელის კომიტეტმა მას პრემია გადასცა შემდეგი ფორმულირებით: „მისი უტყუარი პოეტური ხმისთვის, რომელიც უნივერსალურ ხასიათს ატარებს“.
ნობელის პრემიის დაარსებიდან დღემდე, ლიტერატურის დარგში აღნიშნული პრიზის მფლობელი სულ 14 ქალი გახდა, დღეს კი, ლუიზ გლაკის დაჯილდოებით, ეს რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
ლუიზ გლაკი 1943 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მისი სამწერლო კარიერა 1968 წელს დაიწყო, როდესაც გამოაქვეყნა სადებიუტო კრებული “Firstborn”.
მწერალი მალე აღიარეს ამერიკის თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად.
გლაკს, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ავტობიოგრაფიულ პოეტს“, მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის პულიცერის პრიზი 1993 წელს და წიგნის ეროვნული ჯილდო – 2014 წელს.
პრესტიჟული საერთაშორისო პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. ლაურეატების ვინაობა ცნობილი ხდება ოქტომბრის დასაწყისში.
ნობელის პრემიის ლაურეტები უკვე დასახელდნენ მედიცინისა და ფიზიოლოგიის, ასევე ფიზიკისა და ქიმიის დარგში.