„ჯეო ჰოსპიტალსი“ თბილისის სამედიცინო ცენტრში, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით შეყვანილი 55 წლის მამაკაცი, რომელსაც გული ექვსჯერ გაუჩერდა, გადაუდებელი მედიცინის და კარდიოლოგიური დეპარტამენტის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში უკვე კლინიკიდან გაეწერა.
როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ჭელიძე იხსენებს, პაციენტს შემოყვანისთანავე გაუჩერდა გული.
,,კათეტერიზაციის ლაბორატორიაში შეყვანის და ასევე პროცედურის მიმდინარეობის პროცესში პაციენტთან კიდევ 6-ჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება, რომელიც შესაბამისი დროული და ადეკვატური მკურნალობის შედეგად გამოსწორდა, გაკეთდა კორონაროგრაფია, კორონარული სტენტირება და საბოლოოდ აღდგა სინუსური რიტმი“, – აღნიშნა ლევან ჭელიძემ ჩვენთან საუბარში.
მისივე თქმით, პაციენტმა შესაბამისი მკურნალობა კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის ბლოკში, გააგრძელა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში უკვე გაეწერა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გუნდს, კარდიოლოგს, ქალბატონ ქეთევან ხებრელაშვილს, კარდიოლოგიური დეპარტამენტის და ინტერვენციული კარდიოლოგიის მთელ გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს პაციენტებს რომლებიც მოგვანდობენ მათთვის ყველაზე ძვირფასს და ერთადერთს საკუთარ „სიცოცხლეს“. „თქვენი სიცოცხლე ჩვენი გამარჯვებაა“, – აღნიშნა “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან ჭელიძემ.