„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ოდიშარია ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ისინი „ყურადღებით აკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ძალიან აშფოთებთ მისი ჯანმრთელობა“.
ოდიშარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი „საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, ლუქს პალატაშია“:
„ის, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ყოფაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, თავისთავად ცხადია.
თუ ყურადღებით აკვირდებიან, მაშინ უნდა დაინახონ, რომ სააკაშვილი არის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, ლუქს პალატაში, უამრავი ექიმის ყურადღების ქვეშ, ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან და ის როგორ ექცევა, კი ხედავთ და დანარჩენი, რას აკვირდებიან, ვერ გავიგე.
კი ბატონო, დააკვირდნენ, დაკვირვებას ვინ დაუშლის, ღიაა პრაქტიკულად პროცესი, მისი მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის.
გარდა ამისა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მინდა ვუთხრა, რომ მის გარდა ამას აკვირდება ძალიან ბევრი ადამიანი, ქართული საზოგადოება აკვირდება ობიექტურად.
ყველანაირი რეკორდი მოხსნა სააკაშვილმა მნახველების მიხედვით, დღეში სამი მნახველი ჰყავს და თუ არ ვცდები, 2 500- ს ასცდა, მსგავსი პრეცედენტი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
ვეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა პატიმრის ჯანმრთელობა და ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც აქამდე ამას ვაკეთებდით ყველანაირი დაკვირვების გარეშე, რომ ყველანაირი სერვისი მიიღოს, რაც მის ჯანმრთელობას დასჭირდება“, – თქვა ბექა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად ბევრჯერ განუცხადეს საქართველოს მთავრობას, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა.
„გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას,“ – თქვა მეთიუ მილერმა.
კობახიძე სააკაშვილზე: „წარმოუდგენელია, კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის, უკიდურეს კომფორტშია“