პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის გარკვეული ნაწილის შეფასებებს ეხმიანება.
იაგო ხვიჩიას თქმით, „მათ პატიმრებისთვის საქმის გაფუჭება უნდათ“.
„ზოგადად ჩაკორექტირებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა და არ უნდა არაფრის ჩაკორექტირება, ნერვებს უშლით ის, რომ კანონპროექტი შეიტანა ოპოზიციამ, რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო” არ აწერია ყვითლად, ან გახარიები. ეს არის მთავარი პრობლემა, მათ ჩაკორექტირების მიზანი არ გააჩნიათ, უბრალოდ, საქმის გაფუჭება უნდათ პატიმრებისთვის. ჩემი აზრით, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, „ლელოს” ლიდერებმა ან უნდა გადაწყვიტონ, რომ მართლა თაღლითები არიან და მართალი იყო მურუსიძე მათთან, ან გადაწყვიტონ, რომ როგორც მათთან შეეშალა მურუსიძეს და მათ მეგობრებს, ზუსტად ისე ეშლებათ ქართველ ხალხთან და ისინიც იმსახურებენ თავისუფლებას ზუსტად ისე, როგორც „ლელოს” ლიდერები დადიან გარეთ.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში სამოხელეო დანაშაულის გამო ზის და 6 წელი აქვს მისჯილი, ეს ამნისტია ვრცელდება ადამიანებზე, ვისაც სამუდამო პატიმრობაც კი აქვთ მისჯილი და როგორ ავუხსნათ იმ ხალხს, ვინც იმავე მუხლებით ზის ციხეში, რომლითაც სააკაშვილი, რომ ამნისტია იმიტომ არ ეხებათ, რომ ვიღაც პატიმარი ზის ციხეში, რომელსაც იგივე მუხლები აქვს მისჯილი და ჩვენ არ გვინდა მას შევახოთ ამნისტია? თქვენ აუხსენით, მე ამის ახსნა გამიჭირდება“, – თქვა ხვიჩიამ.