„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ავტოგრაფიანი მაისურები გაყიდეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინიციატივა „პარტენოპეის“ ჩრდილოეთ მაკედონიელ ფეხბურთელს, ელიფ ელმასს ეკუთვნის, რომელსაც მხარი ხვიჩა კვარაცხელიამაც აუბა.
აუქციონზე „ნაპოლის“ ოთხი ფეხბურთელის მაისური მოხვდა და მაისურების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით, 15 ათასი დოლარი შეადგინა.
ხვიჩა კვარაცხელიას მაისური 5200 დოლარად (100 000 ლირა) გაიყიდა.
აუქციონზე შემოსული თანხა სრულად გადაეცემა თურქეთისა და სირიის დასახმარებლად შექმნილ ფონდს.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა.