„ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელი დეა ცაბუტაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში დღის თემა“ აცხადებს, რომ დღეს კახეთში, ონლაინ კლინიკაში 450 ზარი დაფიქსირდა, რაც მისი თქმით, მაღალი მაჩვენებელია.
მისივე განმარტებით, „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ექიმებს ამ რეჟიმში მუშაობა ძალიან უჭირთ.
ექიმი დეა ცაბუტაშვილი პოსტკოვიდ სიმპტომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ძირითადად პაციენტებს კოვიდის გადატანის შემდეგ რჩებათ ხველა, სახსრების ტკივილი, ფსიქიური ჯანმრთელობის და ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
„კახეთის რეგიონში, როგორც მთლიანად საქართველოში საკმაოდ დიდია ზარები და მომართვიანობა. დღეს, 450 ზარი იყო შემოსული და დადასტურებული კოვიდშემთხვევა გვქონდა. 300-400 შემთხვევა უკვე დიდია კახეთისთვის, თუმცა ცოტა მეტი რიცხვები იყო სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ეს ციფრები ძალიან სწრაფად იზრდება და მომავალ კვირას კიდევ უფრო დიდ რაოდენობას ველოდებით კოვიდდადასტურებული შემთხვევების.
„ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ძალიან გვიჭირს ექიმებს ამ რეჟიმში მუშაობა. ის სიმპტომები, რაც დამახასიათებელია კოვიდინფექციისთვის, როგორიცაა მსუბუქი ხველა, ან ცხელება, არ უნდა გახდეს პანიკის მიზეზი. მშვიდად დაელოდეთ ექიმებისგან დაკონტაქტებას, რომლების ყველანაირად შეეცდებიან, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცენ.
პოსტკოვიდი არანაკლებ თავის ტკივილი გახდა, რადგან თითქმის არ არსებობს სისტემა, რასაც პოსტკოვიდური გართულება არ მოიცავს. აუცილებელია პოსტკოვიდის შემთხვევაში ექიმთან მომართვიანობა და იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომი ექნება გადაწყდება მათი მკურნალობა.
ძირითადად პოსტკოვიდის სიმპტომები იკვეთება: დარჩენილი ხველა, სახსრების ტკივილი, ქოშინი, ტაქიკარდია, გულის აჩქარება, ბევრის ფსიქიური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. თუმცა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით,ასეთ პაციენტებს, რა პრობლემებიც ჰქონდათ კოვიდამდე ფარულად, კოვიდის შემდგომ ამის გამწვავება და გამოვლინება გახშირდა“,- განაცხადა დეა ცაბუტაშვილმა.