LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან უპილოტო საჰაერო ხომალდებზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება

131

უპილოტო საჰაერო ხომალდებზე ახალი რეგულაცია წესდება. შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორების საყურადღებოდ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდება „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები”. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.

წესის რეგულირების ქვეშ ექცევა სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული უპილოტო საჰაერო ხომალდები.

რეგულირების ქვეშ არ ექცევა:

▶ უპილოტო საფრენი აპარატები რომელთა მასა ნაკლებია 250 გრამზე;

▶ სათამაშო უპილოტი საჰაერო ხომალდები (საფრენი აპარატი რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია ბავშვებისთვის სათამაშოდ, მისი ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 30 მეტრს მიწის ზედაპირიდან, ხოლო პოტენციური ენერგია 79 ჯოულს);

▶ უპილოტი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია შენობაში (დახურულ სივრცეში).

ზოგადი მოთხოვნები:

  1. დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვა დაუდევრად, რათა საფრთხეში არ ჩავარდეს ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება, ასევე საფრთხე არ შეექმნას სხვა საჰაერო ხომალდს;
  2. უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტი უნდა მოერიდოს უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენას იმ საჰაერო ხომალდის ზემოთ, ქვემოთ ან წინ, რომლის ბორტზეც იმყოფება პილოტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი იმყოფებიან უსაფრთხო მანძილზე და მხედველობაშია მიღებული საჰაერო ხომალდის კვალზე ტურბულენტობის გავლენა;
  3. აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდით ადამიანის გადაყვანა;
  4. დაუშვებელია ერთდროულად რამდენიმე უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვა ერთი დისტანციური მართვის სადგურიდან;
  5. უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებისას წარმოქმნილი ნებისმიერი მოვლენის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება დაემუქროს საჰაერო მოძრაობის, ასევე, პირების და ქონების უსაფრთხოებას, უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტმა/ექსპლუატანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (საავიაციო მოვლენათა შეტყობინება);
  6. დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდით საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე;
  7. დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ღია ზღვის თავზე საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი ორგანოს თანხმობის გარეშე.

 ღია კატეგორია:

დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ღია კატეგორიაში არ საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობას.

თქვენ არ გესაჭიროებათ სააგენტოს თანხმობა თუ დაიცავთ „ღის კატეგორიის” შემდეგ პირობებს:

  1. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 25 კილოგრამს;
  2. ექსპლუატაციის სიმაღლე არ აღემატება 400 ფუტს (122 მეტრს) მიწის ზედაპირიდან;
  3. ექსპლუატაცია ხორციელდება არაუმეტეს 54 კმ/სთ (15 მ/წმ) სიჩქარისა;
  4. ექსპლუატაცია ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში;
  5. ექსპლუატაცია ხორციელდება საქართვლოს აეროდრომებიდან არანაკლებ 6 კილომეტრის დაშორებით;
  6. ექპლუატაცია ხორციელდება პირის ან პირთა ჯგუფის თავზე ან ნებისმიერი პირისგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი ან პირთა ჯგუფი ასრულებს ექსპლუატანტის მითითებებს და იმყოფება ექსპლუატანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
  7. ექსპლუატაცია ხორციელდება საავტომობილო ან სარკინიგზო გზების თავზე და/ან მის გასწვრივ არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით;
  8. ექსპლუატაცია ხორციელდება შენობა-ნაგებობიდან ჰორიზინტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტი ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ან მიღებული აქვს თანხმობა აღნიშნული შენობანაგებობის მესაკუთრისგან;
  9. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაკომპლექტებელი ნაწილები არის ქარხნული წარმოების და არ არის მოდიფიცირებული;
  10. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდიდან არ ხორციელდება საგნების გადმოყრა და ნივთიერებების გაშხეფვა;
  11. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება საგნების, სახიფათო ტვირთისა და ნივთიერებების გადატანა;
  12. დისტანციურად მართვადი უპილოტო საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება ბუქსირება;
  13. არ ხორციელდება საჰაერო და საპილოტაჟო ჩვენება;
  14. 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება სრულწლოვანი პირის ზედამხედველობის ქვეშ.

სპეციფიკური კატეგორია:

➡ იმ შემთხვევაში თუ დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდებით თქვენს მიერ განსახორციელებელი საქმიანობა, სამუშაოების ტიპი, სერვისები და ა.შ. მოითხოვს ღია კატეგორიისთვის დადგენილი ექპლუატაციის ნორმებისგან განსხვავებულ პირობებს თქვენ ექცევით სპეციფიკური კატეგორიის ქვეშ.

➡ დაუშვებელია დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია სპეციფიკურ კატეგორიაში სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. პირველადი თანხმობა ექსპლუატაციაზე გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო ყოველი მომდევნო თანხმობა გაიცემა 2 წლამდე ვადით.

თანხმობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

  • განაცხადი
  • უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია (სისტემა, საექსპლუატაციო მახასიათებლები, ტექნიკური შესაძლებლობები, საავარიო ვითარების, სისტემის გაუმართაობის მოგვარების პროცედურები, საფრთხის შეფასება და ა.შ.)
  • ფრენისთვის/ფრენებისთვის განკუთვნილი არის გეოგრაფიული კოორდინატები და ფრენის განხორციელების სიმაღლეები;
  • მწარმოებლის მიერ გამოცემული „უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენების შესრულების ინსტრუქციის” ასლი ასეთის არსებობის შემთხევაში;
  • საექსპლუატაციო უპილოტო საჰაერო ხომალდის(დების) რეგისტრაციის მოწმობის ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ფრენების წარმოების სახელმძღვანელო;
  • უპილოტო საჰაერო სისტემის საბორტო ჟურნალი;
  • 25 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში – ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი (პროგრამა).
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
  • განმცხადებლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით (იურიდული პირის შემთხვევაში);
  • იმ პირი(ები)ს ჯამრთელობის ცნობა, რომლებმაც უნდა განახორციელონ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია.

რეგისტრაცია:

➡ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას.

▶ უპილოტო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი.

▶ უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ იგი არ არის რეგისტრირებული სხვა რომელიმე სახელმწიფოს რეესტრში.

▶ რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.

▶ მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5- ციფრიანი ნიშანი.

▶ უპილოტო საჰაერო ხომალდზე გაიცემა „უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობა”.

მოწმობის მისაღებად სააგენტოში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია);
  • ტექნიკური და საფრენოსნო მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტები.
  • 150 კგ და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ –სამოქალაქო ავიაციისსააგენტოსდირექტორის2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანების შესაბამისად.

 სერტიფიცირებული კატეგორია:

➡ თუ თქვენი უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს ან აღემატება 150 კგ-ს, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ხდება მოქმედი უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ფლობა.

სერტიფიკატის მისაღებად უნდა წარადგინოთ:

  • ექსპლუატაციაში არსებული თითოეული უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • შესაბამისი კატეგორიის მოქმედი დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობა ოსტატობის მითითებით;
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო წიგნაკი
  • ფრენების შესრულების სახელმძღვანელო;
  • ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემა;
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში საბორტო ჟურნალი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში.

უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს:

▶ უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენება მხოლოდ მწარმოებლის მიერ დადგენილი მიზნით ან სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად;

▶ უპილოტო საჰაერო სისტემის ტექნიკური პარამეტრების და მუშაობის რეჟიმის შესაბამისობა წესების მოთხოვნებთან;

▶ ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო სისტემის ფრენების და საფრენოსნო ვარგისობის შემოწმება, კანონმდებლობის შესაბამისად;

▶ სერტიფიცირებული ექსპლუატანტი პასუხისმგებელია უპილოტო საავიაციო სისტემის ვარგისობის მუდმივად შენარჩუნებაზე;

▶ საქმიანობის განხორციელება სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

▶ იმ პერსონალის სწავლება, რომელიც ჩართულია უპილოტო საჰაერო სისტემის განთავსების, მომსახურების და შენახვის პროცესში.

ვადები

უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

  1. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
  2. უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირებული კატეგორიის საექსპლუატაციო მოთხოვნები ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.
  3. გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო სისტემები და ხომალდები წარმოადგენენ საფრენ აპარატებს ისევე როგორც ყველა სხვა საჰაერო – სატრანსპორტო საშუალებები. იმისათვის, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდებმა სამოქალაქო დანიშნულების საჰაერო ხომალდებთან ერთად იფრინონ ერთ საჰაერო სივრცეში აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქცია (გაფრთხილება/დაჯარიმება, თავი 10).