LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუმრობა თუ მწარე რეალობა: პარიზიდან ქართველი “ძველი ბიჭები” უკან გამოაბრუნეს

1458

უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. შესაბამისად, ეს თემა ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურია და ქართველების ევროპულ მოგზაურობებზეც ბევრი იწერება. სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფი ”მოგზაურთა კლუბი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდია, რომელში ქართველი ტურისტები ერთიანდებიან. სწორედ ამ გვერდზე დადებული ე.წ. პოსტიდან გაიგო საზოგადოებამ, პარიზიდან გამობრუნებული ბიჭების შესახებ.

როგორც ”მოგზაურთა კლუბში” დაიწერა, ქართველ ბიჭებს პარიზიდან უკან, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი არ აღნოაჩნდათ. ამასთან, მათ ფრანგ მესაზღვრეს ვერც იმის დამადასტურებელი საბუთი წარუდგინეს, რომ პარიზში სასტუმრო დაჯავშნილი ჰქონდათ და იქ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ.

”პარიზიდან გამოუბრუნებიათ “კაი ბიჭების მასა”. ერთი ბილეთი ჰქონიათ მარტო, გუგლის ჰისთორის ათვალიერებინებდნენ მესაზღვრეს, პარიზში ვეძებდით საცხოვრებელს, პროსტა დაჯავშნა ვერ მოვასწარითო”, – წერს პარიზიდან გამობრუნებულ ბიჭებზე ”ფეისბუქის” მომხმარებელი და ამტკიცებს, რომ ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება.

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ”მოგზაურთა კლუბის” მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ხუმრობაა და სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერჯერობით ამ ჯგუფში ევროპიდან გამობრუნებულ ქართველებზე სხვა პოსტი არ დაწერილა. თუმცა, სხვადასხვა სახალისო ფოტო გამოჩნდა. მათ შორის ბუდაპეშტში ავტობუსი, ქართული წარწერით: ”გამრეცხე”.

შეგახსენებთ, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ეს გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, სამი ათასი ევროთი დაჯარიმდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, ჯარიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის.

“ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ასევე დაეკისრება ფინანსური სასჯელი”, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები