“აშშ-მ საბოლოოდ გადაწყვიტა სიცხადე შეიტანოს სამყაროში და ფრონტის ხაზი გაატაროს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის, ნეტა, ჩვენ ფრონტის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით?!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს, რითაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, შესაძლო რისკები უკვე სახეზეა.
ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა
“მე არ ვიცი, რა გათვლა აქვს აშშ-ს ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლო რისკები უკვე სახეზეა:
1. კიდევ უფრო აშკარა ხდება რუსეთ-ჩინეთის უაღრესად სახიფათო ტანდემის ფორმირება.
2. დღემდე მთელი დასავლეთი კონცენტრირებული იყო უკრაინაზე. ახლა, თუნდაც დროებით, მოხდება რესურსების გადანაწილება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომისთვის შესაძლოა პრობლემატური გახდეს.
თუ მაინც და მაინც ლოგიკა გვინდა ვიპოვოთ ამ მოვლენებში, ის შეიძლება ასე გამოიყურებოდეს – აშშ-მ საბოლოოდ გადაწყვიტა სიცხადე შეიტანოს სამყაროში და ფრონტის ხაზი გაატაროს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის.
ნეტა, ჩვენ ფრონტის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით?!…” – წერს გია ხუხაშვილი.