LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუან გუაიდომ საქართველოს ელჩს ვენესუელის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

87
1551159757-thumbnail-1024x539

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს შეხვდა. შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანას ​მადუროს რეჟიმი ამყოფებს, დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.

„საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-ე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის – დავით სოლომონიასხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.

ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუაციის განხილვა, განსაკუთრებით კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შემქნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა.

შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.

ლიმას ჯგუფი წარმოადგენს 14 სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პერუს დედაქალაქში შეიკრიბა და მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, რაც გულისხმობს დიქტატორული რეჟიმის ცვლილებას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი ვენესუელაში შემქნილი მდგომარეობის გამო“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები