LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად მოავადე ბავშვების 50% პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან – რა აძლიერებს იმუნიტეტს

80
citonews2011

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ ხშირად მოავადე ბავშვების მშობლებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს, რომელსაც „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს:

ხშირად მოავადე ბავშვი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა სკოლამდელ და ადრეული სკოლის ასაკში. არსებობს ე.წ. ავადობის სიხშირის „ნორმა“, რომელიც დაახლოებით 8-10 ინფექციას მოიცავს წლის განმავლობაში. ინფექციების უმრავლესობა მსუბუქი, თვითგანკურნებადი და ვირუსული ეტიოლოგიისაა. სიმპტომების ხანგრძლივობა კი 5-8 დღემდეა.

ხშირად მოავადე ბავშვების 50% არიან პრაქტიკულად ჯანმრთელები. 30%-ს აღენიშნება ესა თუ ის ალერგიული დაავადება. 10%-ს – ქრონიკული დაავადება და მხოლოდ 10%-ს აქვს იმუნოდეფიციტი. ხშირად მოავადე ბავშვები საჭიროებენ მუდმივ მონიტორინგს ავადობის მიზეზების დასადგენად.

იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი ერთი კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს. ძლიერი იმუნიტეტი გულისხმობს დროულად ჩატარებულ გეგმიურ აცრებს, ჯანსაღ, ბალანსირებულ კვებას, ასაკის შესაფერის ფიზიკურ აქტივობას, მოწესრიგებულ ძილს, საკმარისი რაოდენობით სუფთა ჰაერზე სეირნობას.

თუ ბავშვი სრულფასოვნად იკვებება, არ არის რეკომენდებული პოლივიტამინების ნაკრების გეგმიურად მიღება. ამა თუ იმ ვიტამინის და/ან მიკროელემენტის დეფიციტის დროს სახეზეა კლინიკური გამოვლინებები, რის შედეგადაც, სასურველია, მოხდეს ლაბორატორიული შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული ვიტამინის/მიკროელემენტის დანიშვნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები