LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხშირად გარეგნულად დამყოლი და მომხიბლავია, მუდმივად იძლევა „გამოსწორების“ პირობას, მიმართავს გადაბრალებას” – მაია ცირამუა განმარტავს, როგორია მოძალადის ბუნება

543
maiaciramua202345-2021-02-08-10-01-40-898197-2022-06-14_10-33-54_714724 (1)

“ჩადენილი ძალადობის გამომწვევი მიზეზი ძალადობის ობიექტის (ქალის, ბავშვის ან სხვა) ქცევა კი არ არის, არამედ მოძალადისთვის დამახასიათებელი დომინანტობის, ძალაუფლებისა და კონტროლის ვნებაა,” – ამის შესახებ ფსიქოლოგი მაია ცირამუა აცხადებს.

ძალადობასთან დაკავშირებით ცირამუა სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მოძალადის ბუნებას განუმარტავს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ეს სტატუსი იმათთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ “ქალმა აიძულა”; “სხვა გზა არ ჰქონდა ამ ბულკივით კაცს”; “ენა დაემოკლებინა და არ იზამდა”; “ალბათ ჰქონდა მიზეზი და იმიტომ ცემა” და ა. შ.

გულის ფიცარზე დავიწეროთ ყველამ – ჩადენილი ძალადობის გამომწვევი მიზეზი ძალადობის ობიექტის (ქალის, ბავშვის ან სხვა) ქცევა კი არ არის, არამედ მოძალადისთვის დამახასიათებელი დომინანტობის, ძალაუფლებისა და კონტროლის ვნებაა.
როგორია მოძალადის ბუნება?
1.
– ნაკლებად ანაღვლებთ სხვების განცდები;

– არ ახასიათებთ დანაშაულის განცდა საკუთარ ძალადობრივ ქცევასთან დაკავშირებით, იოლად ახერხებენ სხვებისთვის გადაბრალებას ან მუდმივად იძლევიან „გამოსწორების“ პირობას;

– ხშირად მათი ძალადობრივი ქცევა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებითაა დამძიმებული;

– იოლად არღვევენ სხვის პირად სივრცეს; დამამცირებლად ექცევიან სხვა ადამიანებს სექსუალური პარტნიორებისა და ბავშვების ჩათვლით;

– ახასიათებთ პიროვნული „ხიბლი“, რაც ზედაპირული და ხანმოკლეა;

– არ იცავენ სოციალურ ნორმებს და შეიძლება რეგულარულად არღვევდნენ კანონს;

– ძალადობრივი ქცევები ძირითადად მოზარდობის ასაკში იწყება, თუმცა ადრეული განვითარების ეტაპებზეც ვხვდებით სხვადასხვა ქცევით სირთულეებს, სადაც წამყვანია აგრესიულობა;

– ახასიათებთ გარისკვა, არ ითვალისწინებენ საკუთარ ან სხვის უსაფრთხოებას;

– ადვილად ბრაზდებიან, ღიზიანდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს;

– მიმართავენ გადაბრალებას და ახდენენ საკუთარი ქცევის რაციონალიზაციას;

2.

– ხშირად გარეგნულად დამყოლი და მომხიბლავია, თუმცა ახლო ურთიერთობისას აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში გულქვა, ეგოისტი და თანაგრძნობის არმქონეა;

– ხშირად იტყუება;

– სამყაროს მტრულად აღიქვამს, სადაც გადარჩენის გზა ძალადობაა;

– მოქმედებს იმპულსურად, ხშირად არ აღელვებს უსაფრთხოება;

– ფეთქებადია;

– იმედგაცრუებაზე ხშირად აგრესიითა და ძალადობით რეაგირებს;

– ხშირად არ შეუძლია ჰქონდეს ხანგრძლივი ურთიერთობები;

– საერთოდ არ განიცდის სინანულს და საკუთარ ქმედებებში სხვებს ადანაშაულებს, “მოხერხებულად” არიდებს თავს პასუხისმგებლობას.

3.

– იმყოფებიან სოციალური, კულტურული, რელიგიური წნეხის ქვეშ;

– განიცდიან გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ზეგავლენას;

– ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოებრივი აზრის მიმართ: პარტნიორის ქცევის, ჩაცმულობის, გარეგნობის მიმართ საზოგადოების მხრიდან რეაქციებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგალითად რა აცვია ცოლს, როგორ დედად აღიქვამენ და ზოგადად როგორ გამოიყურება მეზობლის, ნათესავის თვალში და ა. შ.

პ.ს. თავისთავად ცხადია ამ მახასიათებლების ჩამოყალიბებაში ბიოლოგიურ ფაქტორებთან ერთად, დიდი როლი აქვს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს,” – წერს მაია ცირამუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები