„ეს პროტესტი არის აბსოლუტურად მშვიდობიანი და არა, ვთქვათ, რამის ჩაშლა და ვინმესთვის ხელის შეშლა,“ – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, გოკა გაბაშვილის მის სანახავად არშეშვებასთან დაკავშირებულ ფაქტს.
ხოშტარიას თქმით, პარლამენტის კარი „პოლიტიკური სურვილების მიხედვით“ იღება და იხურება ხოლმე.
„არცერთი ადამიანი ვინც აქ შემოვა, ან მე, არ ვაპირებთ რაიმე სიტუაციის არევას. იმიტომ კი არა, რომ არ ამირევია, ან თუ საჭიროა არ ავრევ — არევაში ვგულისხმობ, პროტესტის სხვა ფორმას — უბრალოდ ვამბობ ახლა, რომ ეს არ არის ამოცანა, ეს პროტესტი არის აბსოლუტურად მშვიდობიანი და არა ვთქვათ, რამის ჩაშლა და ვინმესთვის ხელის შეშლა.
და მე ეს პირადად გადავეცი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია იყოს და რაც არ უნდა დაპირისპირება იყოს, სიტყვას აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? არ მინდა, რომ სიურპრიზების მოლოდინი ჰქონდეთ. მე რომ ვაპირებდე სტვენას, ან რაიმე სხვას, რაც გამიკეთებია ამ შენობაში, ნამდვილად არ დავმალავდი ამას.
ამიტომ გაუგებარია ეს შემოშვება-არშემოშვების რეჟიმი, მით უმეტეს, გოკა გაბაშვილს ნამდვილად ეკუთვნის შემოსვლა და ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის კარი პოლიტიკური სურვილების მიხედვით იღება და იხურება ხოლმე,“ – განაცხადა ხოშტარიამ ტვ „ფორმულას“ ეთერში.