ხორცპროდუქტების მწარმოებლები მზად არიან პროდუქციის ეტიკეტირება ევროკავშირის სტანდარტებით მოახდინონ.
როგორც „ფორტუნას“ კომპანია „ნიკორას“ ხარისხის მართვის მენეჯერმა ნონა ლეფსაიამ განუცხადა, ბრენდირებული პროდუქციის ეტიკეტირებისას ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის პრობლემა არც დღეს არსებობს.
„ხორცპროდუქტებს ისედაც აქვს დატანილი წარწერა იმის შესახებ თუ რას შეიცავს პროდუქტი. ამიტომ მოთხოვნის შესრულება ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ევროკავშირის მოთხოვნა უკავშირდება პროდუქციაზე გრამაჟის მითითებას და ამ სტნდარტზე გადასვლა სირთულეს არ წარმოადგენს“ – განმარტა „ნიკორას“ წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ეტიკეტირების არსებული წესის მიხედვით, პროდუქციაზე დღესაც მითითებულია შემცველობა. ახალი მოთხოვნა ხორცის რაოდენობის მითითებას გულისხმობს.
„ამასაც მივუთითებთ. არა მგონია ეს დამატებით ხარჯებთან იყოს დაკავშირებული’’- აღნიშნა ლეფსაიამ.
მომავალი წლიდან ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესი შეიცვლება. კერძოდ, საქართველო ვალდებულია შემოიღოს ევროკავშირის ეტიკეტირების ნორმები, რაც გულისხმობს ხორცპროდუქტების ეტიკეტზე ხორცის როგორც რაოდენობის, ასევე ზუსტი შემადგენლობის მითითების ვალდებულებას.