ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი თავის მოკვლით იმუქრება.
მძღოლმა ვენები გადაიჭრა და ბენზინი გადაისხა. ის ამ დროისთვის შენობის სახურავზეა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს. პროტესტის მიზეზი ფინანსთა სამინისტროსთან გამართული მოლაპარაკების შედეგია.
დაშავებული მძღოლი ამბობს, რომ ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის იანვრამდე გადავადება არასაკმარისია და ამ ვადაში საბანკო ვალდებულებების დაფარვას ვერ შეძლებს.
მას ასევე ბენზინით სავსე ბოთლი უჭირავს და თავის დაწვით იმუქრება. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები.
ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.
მანამდე ფინანსთა მინისტრის ბრძანება 19-მა ბიზნესოპერატორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხორბლის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველო” ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს საქართველოს პარლამენტში იბარებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.
ფინანსთა მინისტრმა აგვისტოს დასაწყისში ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ ხორბლის შემოტანა რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეფერხებებს იწვევდა, რის გამოც ტურისტებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ხორბლის სახმელეთო გზებით გადაზიდვა ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, მანამდე კი ეს ისედაც საზღვაო და სარკინოგზო რესურსებით ხდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა.
ამავე თემაზე: “ლარსის გადაკეტვა პურს ვერ გააძვირებს” – რა შემთხვევაში მოიმატებს პურის ფასი