მოწმემ გამოძიების მხრიდან ზეწოლაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მამამისს სცემდნენ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს, დღევანდელ პროცესზე, მოწმის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოში იმ პირის დაკითხვა დაიწყო, რომელიც ამავე საქმეზე მამასა და ძმასთან ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული. გარდაცვლილის მამის თქმით, მოწმის ჩვენება აქამდე ჩატარებულ გამოძიებას თავდაყირა აყენებს. გარდა ამისა, როგორც სარალიძე ამბობს, ბევრ დეტალზე არც ეს მოწმე საუბრობს.
“ამ მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში ჩვენება მიცემული აქვს ზეწოლის ქვეშ. თქვა, რომ გამომძიებლების და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, განაცხადა, რომ მამაჩემი სცემესო. ფაქტობრივად, ყველა ჯერზე მას ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, ვინაიდან მასზე იყო ზეწოლა. ცდილობდა სიმართლე ელაპარაკა, მაგრამ რაც მთავარია, იმას მალავს. დაჭრის ფაქტზე საერთოდ არაფერი უთქვამს. წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ამბობდა, რომ დაინახა როგორ უქნევდა ჩემს შვილს დანიან ხელს, ახლა კი დანა საერთოდ არ უხსენებია”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოკლული მოზარდის მამას მოწმის დღევანდელი მონაყოლის სანდოობაშიც ეჭვი ეპარება. “დღეს რაც ილაპარაკა, არც იმის მჯერა, იტყუება და იმიტომ. როგორც ასწავლეს, ისე ლაპარაკობს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ თავად ეს მოწმეც მონაწილეობდა ინციდენტში, დაჭრის ფაქტში”, – აღნიშნა სარალიძემ.