აშშ-ში, ფლორიდის შტატის სანაპიროსთან ხომალდი Endeavour წარმატებით დაეშვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ავრცელებს.
„ნასას“ ცნობით, „სფეის იქსის“ ხომალდი , სახელად Endeavour აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან თბილისის დროით ორშაბათს, დილის 07:33-ზე დაეშვა. ბორტზე Crew-2 მისიის ამერიკელი ასტრონავტები – შეინ კიმბროუ და მეგან მაკარტური, ასევე ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტი ტომ პესკე და იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოს ასტრონავტი აკიჰიკო ჰოშიდე იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნებული ეკიპაჟი კოსმოსში აპრილიდან იმყოფებოდა. ასტრონავტები ოკეანის ზედაპირზე სპეციალური კაფსულებით დაეშვნენ, ძალიან მალე კი მათთან მიახლოების ნებართვა სამაშველო ჯგუფმა მიიღო.
„ნასას“ სპიკერის, ლეა ჩეშირის განცხადებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. საბედნიეროდ, ასტრონავტები პლანეტის ზედაპირზე მაშინ დაეშვნენ, როდესაც ამისათვის იდეალური კონდიციები არსებობდა. კაფსული პირველმა მისიის კაპიტანმა, მეგან მაკარტურმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ ასტრონავტთა ჯგუფი პლანეტაზე კვირას უნდა დაშვებულიყო, თუმცა არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო მათი დაბრუნების ვადამ ერთი დღით გადაიწია.
კურიოზული ფაქტია, რომ ხომალდს ტუალეტი არ აქვს, ამიტომაც ასტრონავტებს უკან დაბრუნება პამპერსში გამოწყობილებს მოუწიათ.
„კოსმოსი საოცარი ადგილია“, – დატვიტა პესკემ დაბრუნების შემდეგ – „იგი საოცარ ძალებს გვანიჭებს და გვარწმუნებს, რომ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, თუ მოინდომებს“,