LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ მივდივართ არჩევნებზე?!“ – ახალგაზრდებისთვის ფართომასშტაბიანი კამპანია იწყება

46
fortuna.ge (15)

ქართველი ახალგაზრდები, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, იწყებენ ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კამპანიას „ხომ მივდივართ არჩევნებზე?!“, რომელიც  ახალბედა ამომრჩევლების განათლებას ემსახურება. – ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მომავალი ადგილობრივი არჩევნები  შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოსახლეობას, ხელი შეუწყოს მმართველობაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპების დამკვიდრებას და აირჩიოს კომპეტენტური და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდება.

კამპანიას გაუძღვებიან აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ახალბედა ამომრჩევლებისთვის ტრენინგებს ჩაატარებენ. თანატოლებთან ურთიერთობის შედეგად, ახალბედა ამომრჩევლები მეტს გაიგებენ როგორც საარჩევნო პროცესზე, ისე ზოგადად დემოკრატიაზე, თვითმმართველობაზე, ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და მოქალაქეთა ჩართულობაზე.

ახალგაზრდა ტრენერთა შერჩევა აგვისტოში კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. 26-28 აგვისტოს, კონკურსის 25 გამარჯვებული ტრენერთა მოსამზადებელი კურსს გაივლის, ხოლო ამის შემდეგ, ახალგაზრდა ტრენერები საქართველოს რეგიონებში გაეშურებიან და თანატოლებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.

„ახალგაზრდების ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს არჩევნების დროს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი იმ მწვავე პრობლემების, მაგალითად, კლიმატის ცვლილებისა და სოციალური უთანასწორობის გადაწყვეტა, რომელიც ყველა თაობაზე ახდენს გავლენას.

ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ახალბედა ამომრჩევლები უკეთ გაიაზრებენ საკუთარ როლს საარჩევნო პროცესში და წვლილს შეიტანენ იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც მათ მომავალს განსაზღვრავს,“ – განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

„შვედეთი საქართველოს დემოკრატიული განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის მხარდამჭერია. ჩვენი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდა მოქალაქეთა აქტიურ და ინფორმირებულ ჩართულობას საარჩევნო პროცესში, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.

გვინდა მოვუწოდოთ ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს, მონაწილეობა მიიღონ ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლევანდელი არჩევნები საქართველოს პირველი ადგილობრივი არჩევნებია, სადაც გენდერული კვოტა იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა.

ცენტრალური საარჩვენო კომისიის მონაცემებით, 18-29 წლის ახალგაზრდები საქართველოს ამომრჩეველთა 18-20 პროცენტს შეადგენენ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მათი აქტიურობის დონე საკმაოდ მაღალია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ახალგაზრდების 80 პროცენტზე მეტი ადასტურებდა, რომ ხმის მიცემას აპირებდა. თუმცა, ამავე კვლევის თანახმად, მაშინ ახალგაზრდა ამომრჩეველთა მხოლოდ 38 პროცენტი ერკვეოდა საარჩევნო გარემოში და ფლობდა ინფორმაციას საარჩევნო პროგრამების შესახებ.

საგანმანათლებლო კამპანია ახალბედა ამომრჩევლებისთვის სწორედ ამ ინფორმაციული დანაკლისის შევსებას ემსახურება. მისი მიზანია მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ახალგაზრდებს დემოკრატიის საფუძვლების, საარჩევნო სისტემის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციების, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მედიის როლის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს მათ აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. საგანმანათლებლო კამპანიის მსვლელობაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა გენდერულ თანასწორობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობათა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „დემოკრატიის ლაბორატორია“-სთან თანამშრომლობით. ინიციატივის მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები