LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხმაურის გამო ხმა არ ისმოდა” – პარლამენტმა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩააგდო

392
სკოლები გამოცდები

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა.

დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის დამტკიცებას კი 76 ხმა სჭირდებოდა.

დეპუტატმა ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო.

“ძალიან დიდი ხმაურია დარბაზში, განათლების თემასთან დაკავშირებით გაუგებარი იყო რა კანონპროექტზე იყო საუბარი და თუ რეგლამენტი ითვალისწინებს კარგი იქნება ხელახლა ჩატარდე კენჭისყრა”, — განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ კობერიძის პასუხად აღნიშნა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.

კანონპროექტით, იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, კანონპროექტში საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.