LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან – სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 8 აქტივისტი დააკავეს

79
აქცია კანცერლარიასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის უფლების მიცემას ითხოვდნენ, აქციის მონაწილეები დააკავეს. სულ დაკავებულია რვა ადამიანი.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, დაკავებულებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან, რაც არასწორია.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ისევ გამოაცხადა. მისი მოთხოვნაა ციხეში მასთან შეუშვან მისი მკურნალი ექიმი და მისთვის სანდო კონსილიუმის ექიმები.

„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ - მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

შეგახსენებთ, რომ ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების პირველი შემთხვევა არ არის. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, იგი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.

 

 

ფოტო: „მთავარი არხი“