კომპანია Royal Group დეკემბრიდან ახორციელებს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ პროექტს ”ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას”, რომელიც ზაზასათვის საკმარისი ხმების მოგროვებას ითვალისწინებს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია და მიმდინარეობს სხვადასხვა სახის მხარდამჭერი აქციები. ამასთან დაკავშირებით ”ავტორადიოს” პირდაპირ ეთერში ისაუბრეს “Royal Group”-ის პიარ-მენეჯერმა ვერონიკა მჭედლიშვილმა და იდეის ავტორმა ზურა თალაკვაძემ.
– როგორ დაიბადა ეს იდეა და, რა თქმა უნდა, როგორ განხორციელდა.
ზურა: – ეს ჩვენი ერთობლივი იდეა იყო. ყველა ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები ვართ და გვინდოდა, მას რაც შეიძლება ბევრი ხმა მიეღო. ზაზა ჩვენი მეგობარია. მას გავაცანით ეს იდეა და რასაკვირველია ძალიან გაუხარდა. ამის შემდეგ კი უკვე პროექტის განხორციელება დაიწყო.
ვერონიკა: – ძალიან გვინდა, რომ ზაზა ოლ სტარში მოხვდეს, ეს არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვება იქნება. ჩემი აზრით, კალათბურთში საქართველოს ასეთი სპორტსმენი ჯერ არ ჰყოლია და ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაზა ოლ სტარში ითამაშებს.
– ზურა, შენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ ზაზა მოხვდეს ოლ სტარში? როგორც ვიცით, მხოლოდ 15 საუკეთესო კალათბურთერლი ითამაშებს ყველა ვარსკვლავის მატჩს დასავლეთი კონფერენციიდან.
ზურა: – ყველაფერი რეალურია, თუკი ჩვენ მოვინდომებთ. თუ არ დაგვეზარება ყოველდღიურად ხმის მიცემა. ის ჰანდიკაპი, რაც არის დღეს შექმნილი, საუბარია დაახლოებით 145 000 ხმაზე, მარტივი დასაძლევი არ არის, მაგრამ შეიძლება დაიფაროს. უბრალოდ საჭიროა ერთსულოვნების შენარჩუნება ამ პროექტის მიმართ.
– როგორც ვიცით, ზაზა არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ამხელა ნახტომი გააკეთა რეიტინგში. პირველ შუალედურ შედეგებში ის არ იყო, მეორე შუალედური შედეგების გამოქვეყნების მერე კი ერთბაშად მერვე ადგილზე აღმოჩნდა და გაუსწრო ძალიან ბევრ ვარსკვლავს. რასაკვირველია, ამაში დიდი როლი თქვენს პროექტსაც მიუძღვის.
ზურა: – რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ დიდი როლი ვითამაშეთ ხმების მოგროვებაში, უფრო კი ვამაყობთ იმით, რომ ზაზას ვეხმარებით. მას პიარი არ სჭირდება.ზ აზა ისედაც ყველაზე პოპულარული სპორტსმენია და ჩვენ ბოლომდე გვერდით ვუდგავართ.
– უფრო დაწვრილებით ხომ ვერ მოგვიყვებოდით პროექტის დეტალებზე?
ვერონიკა: – აქციის ფარგლებში გაიმართა მატჩ-აქცია, სადაც ქართველმა ჟურნალისტებმა კალათბურთი ითამაშეს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ სხვადასხვა ქალაქებს, გვქონდა შეხვედრები გორში, რუსთავსა და ქუთაისში. შევხვდით ქალაქების მერიების წარმომადგენლებს, ასევე კალათბურთელებს და მწვრთნელებს. გაიმართა ფოტოსესიები, დავარიგეთ ფლაერები და ა.შ. იყო დაგეგმილი უფრო მასშტაბური აქციებიც.
ზურა: – სხვა აქციებიც იყო დაგეგმილი და ისინი განხორციელდება. დედლაინის დროს ყველას ერთად შევხვდებით, მადლობას გადავუხდით და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს გამოკითხვა, შედეგი მაინც ზაზას და ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება.
– ზურა, კარგი იქნება საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი სეზონი აქვს ზაზა ფაჩულიას. ვიცით, რომ ეს სეზონი მის კარიერაში საუკეთესოა…
– ზაზას აქვს გამორჩეულად წარმატებული სეზონი. ფაჩულია არის ახალ გუნდშიდა იგი გუნდისათვის შეუცვლელია მაშინ, როდესაც ”მავერიქსში” ზაზაზე არანაკლებ გამოცდილი კალათბურთელები არიან, როდესაც გუნდში არიან ნოვიცკი, მეტიუზი, უილიამსი, პარსონსი. ”დალასს” ჰყავს ძალიან სერიოზული როსტერი და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გუნდი გავა პლეი-ოფში. იქ მართალია რთული იქნება, მაგრამ ”დალასი” მაინც იბრძოლებს. ის, რომ ახალი, ბოლო პერიოდში შეკრული გუნდით ”დალასი” პირველ ხუთეულშია, დიდი მიღწევაა. ამაში ზაზას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. კაპიტანი საშუალო ორმაგ დუბლს აგროვებს მაშინ, როდესაც ლიგაში მაღალი დონის ცენტრების დეფიციტია. ზაზა ძალიან დიდ პროგრესს განიცდის.
– როგორ გამოეხმაურებოდი იმ ფაქტს, რომ ამერიკაში დიდი რეზონანსი მოჰყვა ზაზას მერვე ადგილზე გასვლას? თუნდაც იმ ფაქტს, რომ ზაზა დემარკუს კაზინსს ხმების სოლიდური ოდენობით უსწრებს?
ზურა:- ჩემი აზრით, კაზინსს, როგორც ყველაზე არაგუნდურ მოთამაშეს, ყველამ უნდა გაუსწროს. მე ისიც არ მეწყინება, თუ ზაზა გაუსწრებს ჩემ საყვარელ კალათბურთელსა და სპორტსმენს ტიმ დანკანს. არანაირად არ ვარ წინააღმდეგი თუ კავაი ლეონარდს და კევინ დურანტსაც გაასწრებს და გავა მეორე ადგილზე. რა თქმა უნდა, კობი ბრაიანტის დაწევა არარეალურია.
– ვერონიკა, ვინ მონაწილეობს Royal Group-ის ამ პროექტში, რომელიც მხარს უჭერს ზაზა ფაჩულიას?
– პროექტის მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, კალათბურთის ფედერაცია, კომპანია ”პი ეს ემი”, მუსიკალური მაღაზია ”გურუ” და რასაკვირველია რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა”.
აუდიო ჩანაწერი