LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელოვნური სუნთქვის“ რეზის რეალური ცხოვრება და ოჯახური ბედნიერება

2828

სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ მეორე სეზონი დაიწყო. ზოგი მაყურებელი წერს, რომ პირველი სეზონი უფრო კარგი იყო, ზოგს კი მეორე სეზონიც მოსწონს. ამისი ერთ-ერთი მიზეზი ნუცას საყვარელი რეზია, პერსონაჟი, რომელიც დაბრუნდა, თუმცა რა მიზეზით, ჯერჯერობით უცნობია. მაყურებლების ნაწილი აკრიტიკებს, ნაწილი კი უწონებს იმას, რომ ნუცას გამო ცოლ-შვილი არ მიატოვა. სერიალის „ფეისბუქის“ გვერდზე ამ თემაზე უამრავ კომენტარს ნახავთ. მათ შორის ერთ-ერთი  მოუწოდებს კომენტარის ავტორებს, კრიტიკა მსახიობზე ნუ გადააქვთ: „ხალხო, სერიალია, ნუ იწყევლებით. დათო ძალიან კარგი მეუღლე და მამაა. უსაყვარლესი ოჯახი ჰყავს რეალურ ცხოვრებაში“.

ეს მართლაც ასეა. რეზის როლს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, დათო ჯაყელი განასახიერებს. ჟურნალ „სარკესთან“ ის ოჯახზე საუბრობს: „ცოლი რომ მოვიყვანე, ერთ თვეში 28 წელი შემისრულდა. ჩემი მეუღლეც ბათუმელია. ქორწინებამდე 11 წელი შეყვარებულები ვიყავით, დღეს ცოლ-ქმარი ვართ.

შვილების დაბადებამ პასუხისმგებლობის შეგრძნება გამიმძაფრა. თუ როგორი მამა ვარ, ეს ალბათ, ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მგონი, ძალიან კარგი. თავისუფალ დროს მთლიანად ბავშვებსა და ოჯახს ვუთმობ. შედეგად კი ვიღებ ძალიან დიდ სიყვარულსა და სითბოს…“

როგორც დათო აღნიშნავს, მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია რელიგიას. მისი მოძღვარი სერიალში მისი თამაშის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ არც ძალიან უხარია – „მსახიობობა მაინცდამაინც არ მოსწონს. ამ მხრივ, ბოლო პერიოდში დავალაგეთ ურთიერთობები“ – დასძენს „ხელოვნური სუნთქვის“ მსახიობი.

ის საკუთარ პერსონაჟზეც ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ „რეზის ემოციები, გრძნობები უნდა გაეკონტროლებინა, მაგრამ მისი გამტყუნებაც არ შემიძლია. საერთოდ, რთული სათქმელია, ვინ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში… რეზის გმირი უცნაურია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – უარყოფითი…“ – მიიჩნევს დათო ჯაყელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები