ხელოვნური ფიჭების მწარმოებელმა კოოპერატივმა ”ნატურგიფტმა” წარმოება 380 პროცენტით გაზარდა. როგორც კოოპერატივის ერთ-ერთმა წევრმა გია ლომანაძემ ”ფორტუნას” განუცხადა, წარმოების ზრდა ფიჭის ჩამოსასხმელი აპარატის შეძენამ განაპირობა, რომელიც კოოპერატივმა ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის) დახმარებით შეიძინა.
”ფიჭა ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია მეფუტკრეობისთვის. ორი წლის წინ 2-2,5 ტონა ფიჭას ვაწარმოებდით. დღეისათვის, უკვე 4 ტონაზე მეტი გვაქვს ნაწარმოები და სეზონის ბოლომდე მას კიდევ 2,5 ტონა დაემატება. ერთი ტონიდან კი 14 000-მდე ცალი ფიჭა გამოდის”, – განაცხადა გია ლომანაძემ.
მისივე ინფორმაციით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივს 15 000 დოლარის ღირებულების ფიჭის საბეჭდი დანადგარი გადაეცა.
”ნატურგიფტი” 2 წლის წინ შეიქმნა. კოოპერატივი 11 წევრს აერთიანებს, 240 ოჯახ ფუტრაკს ფლობს და, შხამის გარდა, ყველა სახის ფუტკრის პროდუქტებს, მათ შორის, სამი სახეობის – კომბინირებულ, მაისის და წაბლის თაფლს აწარმოებს. ”ნატურგიფტის” პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
სამომავლოდ, ”ნატურგიფტი” 4 მეფუტკრე კოოპერატივთან ერთად თაფლის დაფასოებისა და საცალო ქსელში რეალიზაციის განხორციელებისათვის მეორე დონის კოოპერატივის შექმნას გეგმავს.
ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP