LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება ლუკა სირაძისა და მისი ოჯახის მიმართ“ – საია მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ

79
ლუკა სირაძე & ნიკა სიმონიშვილი

„იმ პირობებში, როდესაც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება საქართველოში როგორც წესი, დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება,“ – ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით ავრცელებს.

საია-ს შეფასებით, ლუკა სირაძის ოჯახისათვის და ასევე, ასოციაციისთვის მძიმე მოულოდნელობაა დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მარიანა ჩოლოიანის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ლუკა სირაძე 2019 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში ,,მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს.

გამოკითხვა, რომელსაც მარიანა ჩოლოიანი წარმართავდა, თუმცა, მასში სხვა პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ჩატარდა. გამოკითხვის შემდგომ,  მან თვითმკვლელობა სცადა და მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა,“ – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საია იცავს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, რომლის ფარგლებში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ 2020 წლის 07 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალი

ასოციაციის ცნობით, მას პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩვენების მიცემის იძულებისათვის 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სასჯელის დამძიმების შესაძლებლობა.

„მორიგი სხდომა სასამართლოში 9 აგვისტოს არის დანიშნული. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას,“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

საია მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ოჯახი ელოდება საქმის სრულყოფილ, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდადებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს.

ორგანიზაციის შეფასებით, მოვლენების ამგვარი განვითარება აჩენს განცდას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შემწყნარებელნი არიან სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია მოჰყვა.

„საია ოჯახის სახელით დღესვე მიმართავს შესაბამის უწყებებს და მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოითხოვს სრულ დოკუმენტაციას, რომლის გაცნობის შემდეგ საზოგადოებას დეტალურ შეფასებას გააცნობს,“ – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

გარდა ამ განცხადებისა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას სოციალურ ქსელში საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სასამართლო არის პირდაპირ ლოიალური ხელისუფლებასთან, ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო.

სიმონიშვილის განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით და ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული სრულყოფილად არ იყო გამოძიებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში სამართლიანი გამოძიება და სასამართლო არ გვაქვს.

„ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ლუკა სირაძის საქმეზე მოხდა. ეს არის პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩვენ მიმართ ჩაიდინონ და დაუსჯელები დარჩნენ.

ამ საქმეში ბევრი უსამართლობა ვნახეთ, რომელიც შეეხო ლუკა სირაძეს, სახელმწიფომ ერთადერთ ადამიანზე გადატეხა ჯოხი და დააკავეს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი, სხვა ნაწილთან მიმართებით გამოძიება უბრალოდ არაეფექტური იყო. ერთადერთი ადამიანიც, რომელიც იყო დაკავებული პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს,“ – წერს ნიკა სიმონიშვილი.

ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება ჩვენთვის მიუღებელი და დამცინავია: ლუკა სირაძის ძმა

მისივე სიტყვებით, ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაზეც საია ფიქრობდა, რომ არ იყო სამართლიანი და სათანადო სასჯელი. სიმონიშვილის თქმით, აღნიშნული განაჩენი იყო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი ვადამდე გათავისუფლებულიყო.

როგორც საია-ს თავმჯდომარე წერს, კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით, რაც ერთადერთ რაღაცაზე მიგვანიშნებს, რომ არ იყო სრულყოფილად გამოძიებული ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სასამართლო. სასამართლო არის პირდაპირ ლოიალური ხელისუფლებასთან, უბრალოდ ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი იმისათვის, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება და ქმედება ხელისუფლების მხრიდან ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.