ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად და ამის შემდეგ დავაკვირდებით შეთანხმების იმპლემენტაციას,- ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ევროპარლამენტთან განხილვის მთავარი თემა სწორედ მომავალი არჩევნებია, რომელსაც პავილიონისის თქმით, დასავლეთი სერიოზულად ეკიდება.
ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს თანმიმდევრული თავისი დაპირებების განხორციელებაში.
“დასავლეთში, როდესაც სიტყვას აძლევ, რომ აკეთებ რეფორმებს, შენ ასრულებ რეფორმებს და პარტნიორებს შეუძლიათ, გენდონ. იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორებს არ შეუძლიათ, გენდონ, როგორ შეგვიძლია ჩვენ, წინ წავწიოთ საქართველოს მისწრაფებები.
ქვეყნები, როგორიცაა ლიეტუვა, ან პიროვნება, როგორიცაა ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც წარმოადგენს მწვანე პოლიტიკას ევროპარლამენტსა და გერმანიაში, ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მართლა მხარს უჭერენ დემოკრატიებში ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობაში.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ამ რეფორმების ლიდერი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს ძალიან თანმიმდევრული თავისი დაპირებების განხორციელებაში.
საქართველოში ჩემი არაოფიციალური სტუმრობის ბოლო დღეა და სამწუხაროდ, გვაქვს ეს მოულოდნელი განცხადება მთავრობისგან.
ამან ჩვენი შოკირება გამოიწვია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა დაპირებას, რადგან ეს ყველაფერი შეთანხმებულია. თუ მათ სურთ, რომ ლიეტუველების და სხვების მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ გზაზე, ისინი პატიოსნად უნდა მოიქცნენ“, – აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მანვე დღეს, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შედეგად, მომავალ სავარაუდო სანქციებზეც ისაურა.
პავილიონისის განცხადებით, მიმდინარეობს საუბარი, რომ შესაძლოა, ზოგიერთ სფეროში საქართველოსთვის დახმარება პირობითი გახდეს.
“არის საუბრები, რომ შესაძლოა, ზოგიერთ სფეროში საქართველოსთვის ჩვენი დახმარება პირობითი გახდეს ამ რეფორმებთან დაკავშირებით.
თუ საქართველო არ ასრულებს დაპირებულ რეფორმებს, მაგალითად მართლმსაჯულების სფეროში, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენ ეს რეფორმები.
ჩვენ ახლა ჩვენი პოლიტიკის ფორმულირებას ვახდენთ, რაც იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენი დახმარება უპირობო არ არის.”- განაცხადა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.