“თუ ჩვენ შევხედავთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, ვინ აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, ვინ თავი შეიკავა და ვინ დაგმო მკაცრად, საქართველო ამ შემთხვევაში ცალსახად დგას ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და ცივილიზებული სამყაროს წიაღში. ამ ეტაპზე სრულიად ადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქციები,”- ასე ეხმიანება ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციასა და პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის “ცნობის” შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს რეაქცია იყო სრულიად ადეკვატური და რაც მთავარია, ოპერატიული.
რაც შეეხება სანქციებს, როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები ვერ იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯების შემაკავებელი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი რუსეთის ქმედებების შესაბამისად განიხილავს შემდგომ სანქციებსაც.
“რაც შეეხება საქართველოს მიერთება- არმიერთებას, ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომლის თანახმადაც, ამერიკაში ამ წუთას მუშავდება 2008 წლის რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხო გადაწყვეტილებების ახალი პაკეტი, რაც არის უპრეცედენტო, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის შემდეგ მსოფლიომ ხელახლა გადაიაზრა 2008 წლის მნიშვნელობა და სწავლობს იმ გაკვეთილებზე, რაც მაშინ მიიღო რუსეთის ომით საქართველოს წინააღმდეგ. კელი დეგნანის დაბრუნების შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება რა ტიპის გადაწყვეტილებებზე და შესაძლო სანქციებზეა საუბარი უკვე საქართველოს გამო დასავლეთის მხრიდან,”- განაცხადა ლაგაზიძემ.