“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 27 ოქტომბერს შეკრებილ ამომრჩევლებს მადლობას უხდის. კობახიძის განცხადებით, გუშინ ყველამ დაინახა თუ სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. როგორც მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, თავისუფლების, მშვიდობისა და სამშობლოს კეთილდღეობის ღირებულებებმა საზოგადოება 2012 წლის 29 სექტემბერს გააერთიანა.
“ამ ღირებულებებმა ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.” – აცხადებს კობახიძე.
მისი განცხადებით, აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა.
განცხადებაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპონენტები სასოწარკვეთილები არიან და ეს მმართველი გუნდის აქციის წარმატებას ზედმიწევნით ცხადყოფს.
“თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის.” – განაცხადა კობახიძემ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია არჩევნების ოცივე მუნიციპალიტეტში მოგება, “რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.”
“პირველ რიგში, მინდა პარტიის სახელით მადლობა გადავუხადო თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს შეკრებისთვის და ძალიან ძლიერი მუხტისთვის, რომელმაც გუშინ თავისუფლების იდეის გარშემო გაგვაერთიანა.
გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას.
სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.
გუშინ თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.
აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.
აქვე, არ შეგვიძლია ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს. ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე.
მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე.
ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.” – აღნიშნულია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებაში