LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იგივე პროცესს ვთავაზობთ, რომელმაც 5 წლის წინ კარგ შედეგებამდე მიგვიყვანა“ – 50-მდე NGO ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს

161
Untitled design (4)

არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებენ.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ გადაწყვიტეს, ერთობლივად შეიმუშაონ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რომელსაც სახალხო დამცველის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.

იმისათვის, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს, 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთავაზობენ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში ჩაერთონ.

როგორც სამოქალაქო სექტორში აღნიშნავენ, ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების წესი მას შემდეგ გაიწერება, რაც გაფართოებული შემადგენლობის ფორმირება დასრულდება.

ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას სამოქალაქო სექტორიდან 10 სუბიექტი შეძლებს.

ინიციატივას ხელს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

“მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არის ძალიან გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიისთვის. სწორედ ამიტომ მოხვდა 12 რეკომენდაციაში სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც ევროკავშირმა წარმოგვიდგინა. ეს არის ნამდვილად ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა მხარე იქნება ჩართული, გარდა პოლიტიკოსებისა, სამოქალაქო საზოგადოება იქნება ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ეს პროცესი, რომ ტრადიციულად, წინა პროცესების მსგავსად, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო ამ პროცესში, ახლაც ასე წარიმართოს.

მნიშვნელოვანია, ნომინირებული იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნება გამოცდილება, იქნება პროფესიონალი და ექნება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერა ნამდვილად ვერ იქნება საკმარისი სახალხო დამცველის არჩევისთვის, ჩვენ გვინდა ისეთი ადამიანები იქნენ წარდგენილი და შემდეგ მხარდაჭერილი, რომელთა დაკავშირებითაც კონსენსუსის მოძიება შესაძლებელი იქნება.

ჩვენი პარტნიორები სულ ამაზე მიგვითითებენ, რომ დავილაპარაკოთ პარლამენტში, პარტიებმა ისაუბრონ და ერთმანეთთან თანხმობით შეარჩიონ სახალხო დამცველი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ნამდვილად გვყავდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი, ფაქტობრივად ერთადერთი ინსტიტუტია დარჩენილი, რომელიც არის მიუკერძოებელი. ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესში შეფასების დროს გადამწყვეტი იქნება, პროცესი ინკლუზიური იყოს და ისეთი სახალხო დამცველი შეირჩეს, რომელიც რომელიმე პარტიის შერჩეული არ იქნება არც მასთან აფილირებული“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ეს პროცესი საშუალებას იძლევა, ომბუდსმენის თანამდებობაზე დამოუკიდებელი და პროფესიონალი ადამიანი აირჩიონ:

სამოქალაქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა შევძლოთ. ჩვენ ეს პროცესი ერთხელ გავიარეთ და ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იგივე პროცესს ვთავაზობთ, რომელმაც 5 წლის წინ კარგ შედეგებამდე მიგვიყვანა. შესაბამისად, ჩვენი ეს შეთავაზება არ არის ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც პარტიებს კვლავ ვთავაზობთ. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახალხო დამცველი არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ შეირჩეს ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა…

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 90 ხმა არ აქვს, 6 ხმა კიდევ სჭირდება. ძალიან საინტერესოა, თუ რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ რომელიმე პარტიას გაურიგდეს, გარკვეული პრივილეგიების თუ შეთავაზების სანაცვლოდ მიიღოს მათგან 6 ხმა და ამ შემთხვევაში, მისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს, რაც მისაღები არ იქნება.

სახალხო დამცველის თანამდებობა არ არის ის თანამდებობა, რომელიც გარიგების საგანი უნდა გახდეს, ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებით უნდა მოხდეს. მეორე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება იყოს ის, რომ ვერ შედგეს შეთანხმება და ქვეყანამ წლის ბოლოს ვერ შეძლოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, ეს მძიმედ იმოქმედებს 12 პუნქტის შესრულებაზე და ვერ მოგვცემს კარგ სურათს სწორედ იმის გამო, რომ ფაქტობრივად, სახალხო დამცველის აპარატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის გარეშე დარჩება“, – ამბობს სიმონიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები