„მანამ, სანამ რეჟიმს დავამარცხებთ, ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ იმ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობას, რასაც „ქართულ ოცნებას“ კორუფციითა და დაშინებით ინარჩუნებს. „ევროპულმა საქართველომ“დავიწყეთ მასშტაბური კამპანია – „სოციალური მაშველი,“ – აღნიშნულის შესახებ დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა – გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას კამპანიის მიზნები გააცნეს.
„ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. ოფიციალური მონაცემებით, ყოველი მე-2 ადამიანი სოციალურად დაუცველია: ამბროლაურში, ონში, ლენტეხში, ცაგერსა და მესტიაში. ყოველი მე-3 სოციალურად დაუცველია: ხარაგაულში, ქედაში, ხულოსა და ჭიათურაში. არც სხვაგან არის უკეთესი მდგომარეობა.
ეს ხელისუფლება ადამიანების გაჭირვების დამარცხებას არ ცდილობს, ის ცდილობს ადამიანების გაჭირვებაზე ხელი მოითბოს. წინასაარჩევნოდ ჩამოივლის ხოლმე თქვენსა და თქვენი მეზობლების სახლებთან და იმუქრება, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, თუ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერთ, მოგიხსნიან სოციალურ დახმარებას, გაგათავისუფლებენ საჯარო სამსახურიდან,“ – განაცხადეს პარტიის წევრებმა.
მათი განცხადებით, სოციალური სამსახურის ჩინოვნიკები რეგიონებში ამომრჩევლის დაშინების მიზნით, „თავად დარბიან.“
„ვხედავთ, როგორ დარბის მაგალითად სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, ავთო ცქვიტაია ღამ- ღამობით, სოფელ-სოფელ სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაშინებლად,“ – აღნიშნეს პარტიაში.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს მიმართეს და აღნიშნეს, ხელისუფლებას არცერთი ადამიანის დაჩაგვრის შესაძლებლობას არ მისცემენ.
„თუ იცით კორუფციის, სახელმწიფო სახსრების ფლანგვის ფაქტების შესახებ, რაში დახარჯული ფულიც თქვენს, თქვენი შვილების, მეზობლების, ნათესავების კეთილდღეობას შეიძლებოდა მოხმარებოდა, თუ პოლიტიკური ნიშნით გითხოვენ სამსახურიდან, ან გართმევენ სოციალურ დახმარებას, ან ამით გემუქრებიან, – დაგვირეკეთ „ევროპული საქართველოს“ ცხელ ხაზზე: 0322 800 222 ან მიმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში პარტიის ოფისებს. „ევროპული საქართველოს“ „სოციალური მაშველი“ დაიცავს ყველა ადამიანს, ვინც დაცვას საჭიროებს,“ – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.