LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო სტრატეგია უნდა შეიმუშაოს: DRI

74
Capture.JPG34554

დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტი (DRI) საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

DRI-ის ცნობით, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიის რევიზია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეიცვალა მდგომარეობა – ძირითადად უარესობისკენ. თუ სტრატეგიის შემუშავებისას მთავარ გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენდა, დღეს უკვე მათი ანექსიის ტენდენცია იკვეთება. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა; პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევა (სიცოცხლის ხელყოფაც კი), ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. განსაკუთრებული წნეხის პირობებში იმყოფება გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ახალგორის რაიონი, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის პირასაა.

მათივე ცნობით, “პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ, საექსპერტო წრეების ჩართულობით, უნდა დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთის მხრივ, აფხაზეთში და მეორეს მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; დაუპირისპირდება, როგორც ოკუპაციას, ასევე, ანექსიურ პროცესებს (ამ პროცესში, შესაძლოა, ადგილზე მოკავშირეებიც ვიპოვოთ); ოკუპაციასთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას დაუთმობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას; უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური ინსტიტუტების მეტ შეღწევადობას; ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე და არა მათ გარე სამყაროსგან იზოლაციაზე; ცალკე და პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ახალგორისა და გალის რაიონებს”.