LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ ჩემი მოშორება გადაწყვიტა -ზაზა სარალიძე

99

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს მიმართეს. მათ საელჩოს დოკუმენტაცია წარუდგინეს, თუ რატომ გეგმავდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სტრასბურგში ვიზიტს. ამასთან, საელჩოს წარმომადგენლებს მათ იმ მიმოწერის ასლებიც გადასცეს, რაც სტრასბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით, სუს-თან და შსს-თან შედგა.

როგორც ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ განუცხადა, ხელისუფლებამ გერმანიისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, მისი ტექნიკურად მოშორება სცადა.

“საქართველოს ხელისუფლებამ გერმანელ ძალოვანებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამ კაციან ჯგუფში, ერთ-ერთი იყო ტერორიზმში ბრალდებული. პირდაპირააა საუბარი მალხაზ მაჩალიკაშვილზე. ჩვენს შუამავალს განუმარტეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო ტერორიზმში ბრალდებული. ჩვენ მისი თანმხლები პირები ვიყავით და ამ წუთში ალბათ, გერმანიის პოლიციაში თუ ციხეში ვიქნებოდით. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი მოშორება, ამას საზოგადოება მიხვდება, რომ არ უნდათ ჩემი შვილის მკვლელების გამოაშკარავება და პასუხისგებაში მიცემა. ეს ყველაფერი დღეს სახეზეა. ტექნიკურად გადაწყვიტეს ჩემი მოშორება,” – განაცხადა სარალიძემ.

ის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და ითხოვს, გააკეთონ განმარტებები, რატომ ჩაშალა სტრასბურგში მისი, მაჩალიკაშვილის და კილაძის გამგზავრება.

“ზაზა სარალიძე ახლდა მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც დაადანაშაულეს ტერორიზმში. გამოდის, რომ ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე ახლდნენ ტერორისტს. ე.ი. ტერორისტს შევუწყვეთ ხელი საზღვრის გადაკვეთაში, ვართ ტერორისტის თანამოაზრეები, თანააღმსრულებლები და კაცმა არ იცის, რას შეგვტენიდნენ კიდევ. მსოფლიოს რომელ წარმომადგენლობას დავუმტკიცებდით, რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა ტერირიზმთან. ტექნიკურად გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი მოშორება,” – დასძინა სარალიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები