“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი კვლავ კონკრეტული ჯგუფების პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადებასა და ტოტალური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე იხარჯება, რაც მას მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად აქცევს.” – “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ფარული მიყურადების დოკუმენტების გავრცელებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც მიმართვის ავტორები აცხადხებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად ჩამოყალიბებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თანმიმდევრული ნაბიჯებით ხელი შეუწყო ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას და გაძლიერებას, რომელთათვისაც უცხოა ადამიანის უფლებების ცნება და შინაარსი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა შესაბამისი პოლიტიკური ნებაა, რომლის არ არსებობის პირობებში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები ხელისუფლების პირდაპირ განზრახვად უნდა განიხილებოდეს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების პირადი კომუნიკაციის, პირადი ცხოვრების უკანონო მიყურადების შესახებ სხვადასხვა არხის ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.
დღეს, სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულმა ინფორმაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, მასწავლებლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ, კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოებაში არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
“საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში” აცხადებენ, რომ სუსტი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების არ არსებობის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რეალური დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი ქმედების კანონის შესაბამისად დასჯა.
“ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში. რასაც დამატებით ხელს უწყობს პარლამენტის მიერ სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება.” – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.