“დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ფონზე საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, შემოდგომაზე ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში არის მოსალოდნელი მორიგი ტალღა”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი.
მისი თქმით, ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს მათ მიერ შეთავაზებულ 4 ნაბიჯიან გეგმას, რის გამოც შეიძლება მძიმე შემოდგომა მივიღოთ.
როგორც კალოიანმა აღნიშნა, შეთავაზებული გეგმის განხორციელება აუცილებელია, რათა აუცრელ პოპულაციაში ძალიან მძიმე შედეგი არ დადგეს:
“დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ფონზე საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, შემოდგომაზე ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში არის მოსალოდნელი მორიგი ტალღა.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ველოდებოდით ამ დრამატულ შემცირებას, მოვუწოდეთ ხელისუფლებას განეხორციელებინა ჩვენ მიერ შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან: საჯარო, სამედიცინო, განათლების, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების ან სავალდებულო ვაქცინაცია ან სისტემატიური ტესტირება, მასობრივი ვაქცინაციისთვის მობილური (მოძრავი) ჯგუფების შექმნა ქალაქებსა და სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დამატებით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი შეღავათების დაწესება. ვაქცინირებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლება და საინფორმაციო კამპანიის ინტენსიფიკაცია.
ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რადგან ამ აუცრელ პოპულაციაში არ მივიღოთ ძალიან მძიმე შედეგი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბაკქანალიის ფონზე, რაც დღეს არის დაავადების კონტროლის ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ამ ბანერების ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთი კვირის მანძილზე ვერ გავერკვიეთ ვისი რა ბანერია, რა დროით არის და ასე შემდეგ. ამ 4 ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია, მიგვაჩნია სასიცოცხლოდ და სწრაფად უნდა მოხდეს, თორემ ძალიან მძიმე შემოდგომა გველოდება”, – განაცხადა კალოიანმა.