მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს მის თვალთვალს და მისი პირადი ცხოვრების კამერაზე ჩაწერას.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.
„თავიდან დაცვის ჩემმა თანამშრომელმა უცხო პირების შემოჭრა აღკვეთა, რომლებსაც თან სპეციფიური ჩანთები ჰქონდათ. შემოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. განაცხადეს, შეგვეშალა ნომერიო. ისინი შემდეგ ჩემი ნომრის ქვემოთ მდებარე ნომერში მოთავსდნენ. ჩვენი ხალხი გაჰყვა მათ. შემდეგ ისინი იმ ნომრიდან წავიდნენ, თუმცა ნივთები დატოვეს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ვიდეო-მიმართვის დროს ნაპოვნი ნივთებიც აჩვენა.
„რაღაც სპეციალური მოწყობილობებია, როგორც მესმის, მიყურადებისთვის. რაღაც დისკებია, სადაც წერენ ამ ყველაფერს. ეს, როგორც მესმის, კამერაა,“ – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთ საზღვარი გაარღვია, ხელისუფლება მისი პირადი ცხოვრების ჩაწერითაა დაკავებული.