LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების მხრივ, რომლებიც რეგიონის წინაშეა“ – პრემიერი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება

125
ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. როგორც მან სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების მხრივ, რომლებიც რეგიონის წინაშეა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და, საბოლოო ჯამში, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება.

საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს.

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია.

რაც შეეხება სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 6 იანვრის შემდეგ, როდესაც მთავრობათაშორისო კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ხელი მოეწერა დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.

მისი თქმით, აქვს საშუალება, ახლა იხილოს პრაქტიკული განხორციელების გზები და ის ქმედებები, რომელიც ამ დეკლარაციის განხორციელებისთვისაა საჭირო. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი საქართველოს ევროინტეგრაციას  ყოველთვის მხარს უჭერდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ორი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, რომ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა გვქონდეს. ეს არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა მდგრადობის და ურთიერთგაგების საფუძველზე აგებული თანამშრომლობაა.

წინა წელს, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერის განცხადებით, დღეს ირაკლი კობახიძეს გააცნო ის პროცესები და მოსაზრებები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ეხება.

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სომხეთი მზადაა, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველოდებით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამოსწორებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ.

შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე, სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ,1994 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

მივიჩნევღ, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც მეზობელ ქვეყანას ვთავაზობთ, აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად, სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი იქნება. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას“, – განაცხადა ფაშინიანმა და იქვე დასძინა, რომ სომხეთი საქართველოსთან ურთიერთობებით კმაყოფილია.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით, მინდა, ვთქვა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მინდა, გაცნობოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ჩვენს ურთიერთობებში კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ“. – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ…

Posted by საქართველოს მთავრობა on Monday 25 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები