პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ახალი ლოქდაუნის წინაშე დგას.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, სანამ საზოგადოება უუნარო მთავრობას პასუხს არ მოსთხოვს თითოეული გარდაცვლილი მოქალაქის გამო და ასევე, სანამ უმუშევრები მდგომარეობას არ გააპროტესტებენ ისე, როგორც ეს სხვა ნორმალურ ქვეყნებში ხდება, მანამდე ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე პრეტენზია არავის არ უნდა ჰქონდეს:
“ყოველ 10 დღეში საშუალოდ 500 ადამიანი გვიკვდება კოვიდის გამო!!! ვაქცინაციის პროცესი ნელა მიდის, საავადმყოფოები გადავსებულია!
ქვეყანა ახალი ლოქდაუნის წინაშე დგას.
საქსტატის მონაცემით ქვეყანაში 22.1% უმუშევარია, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია. სანამ საზოგადოება პასუხს არ მოსთხოვს ამ უუნარო მთავრობას თითოეული გარდაცვლილი მოქალაქის გამო, სანამ უმუშევრები ამ მდგომარეობას არ გააპროტესტებენ ისე, როგორც ეს სხვა ნორმალურ ქვეყნებში ხდება, სანამ ყველა გადასახადის გადამხდელი არ გააპროტესტებს მილიარდობით აღებული ვალის უმიზნო და კორუფციულ ხარჯვას, მანამდე პრეტენზია ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე ნურავის ექნება.
ოცნებების და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.