ყოველკვირეული ვორქშოპები და ონლაინ ლექციების ციკლი უკრაინელი ბავშვებისთვის – ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ მასშტაბურ სოციალურ პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
ბიბლიოთეკის ინფორმაციით, არტ-თერაპიის ციკლის ფარგლებში, ხატვის თერაპიით და კრეატიულ პროცესში ჩართულობით, ბავშვებმა საკუთარი განცდები, გრძნობები და სურვილები გამოხატეს.
“კონფლიქტების დროს ბავშვები ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაუცველები არიან. თერაპიის მიზანია მათი ემოციური, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ხელის შეწყობა ახალ გარემოსთან ადაპტირებაში. მონაწილეები ეზიარებიან როგორც ხატვას, ასევე კერამიკას და თექაზე მუშაობას.
მოწვეული გვყავს პროფესიონალი არტ-თერაპევტები, რომელთა დიდ ნაწილს აქვს ომგამოვლილ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. პირველ ვორქშოპს გერმანიაში მოღვაწე ქართველი არტ-თერაპევტი რუსუდან ღუდუშაური გაუძღვა.
პროექტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყობა, ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცე ვორქშოპის მონაწილე ბავშვების ნამუშევრების გამოფენას დაეთმობა”, – აღნიშნულია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.