LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული” – რას ჰყვება პაატა იმნაძის დედა

7149
imnadze-pata

,,90 წლის გახლავართ, ახლახანს ცუდად ვიყავი, მითხრა, დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო…” –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის დედა, ქალბატონი ნუნუ დუმბაძე ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰყვება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა.

“პაატამ პირველი სკოლა დაამთავრა, ყოველთვის კარგი და წარჩინებული მოსწავლე იყო. თავდაპირველად ფიზიკოსობა უნდოდა, როცა არჩევანის წინაშე დადგა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ექიმობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ “დიდი კაცის” შვილი არ ვიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. პაატას ვთხოვე, დე, სამედიცინოზე ჩაბარება სცადე-მეთქი. ინტერესი თავადაც გამოიჩინა. 3 წლის რომ იყო, გურიაში მყავდა წაყვანილი და იქ ცუდად გამიხდა, ცრუ კრუპი დაემართა. ლანჩხუთში არაჩვეულებრივი პედიატრი იყო, მითხრა, თუ გინდა, გადაგირჩეს, მენდეო. ვენდე, სხვა რა გზა მქონდა…”

“შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს. ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს. მანამდე ამბობდა, სულ ერთიდაიგივე კითხვებს მისვამენ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხოო.
სხვა შვილი არ მყავს, პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ, ახლახანს ცუდად ვიყავი, მითხრა, დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო…”

“პაატას გარდაცვლილი მეუღლე, მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. ისევე, როგორც მისი მშობლები და და. 2017 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ამ ოთხი მეძმარიაშვილის შემოქმედების გამოფენა გავაკეთე. თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა, მაკას მამა ზურა მეძმარიაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო. ზურა არაერთი ფილმის (“მაგდანას ლურჯა”, “დონ კიხოტი”…) მხატვრობის ავტორია, რეზო ჩხეიძესთან და თენგიზ აბულაძესთან ერთად მუშაობდა, მთავარი მხატვარი იყო. მაკაც ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია კარგი ადამიანი იყო, მისი გარდაცვალების ამბის გადატანა, ძალიან გაგვიძნელდა…”

“წლების შემდეგ პაატამ მეორედ იქორწინა, მისი ახლანდელი მეუღლე, ხათუნა გოგელია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მათ ერთმანეთი ადრე ჰყვარებიათ, პაატასთან შედარებით ასაკით პატარაა. ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თავის თავზე ხომ საერთოდ აღარ ფიქრობდა. მიხარია, რომ შვილები მათ ერთად ყოფნის ამბავს კარგად შეხვდნენ…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები