LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხაშურის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. მეორე დღეა, გაფიცულები არიან, როგორც მუშები, ასევე მძღოლები. ისინი ხელფასის გაზრდას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და დასვენების დღეებს მოითხოვენ.

როგორც “ფორტუნას” ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მძღოლი, გოჩა კორკოტაძე, უყვება, მუშაობა არაადამიანურ პირობებში უწევთ, არა აქვთ არც ერთი დასვენების დღე და მოთხოვნის შემთხევავაში, თანხას ხელფასიდან უქვითავენ. ყოველდღიურად 11 საათის განმავლობაში მუშაობენ, არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური სამუშაო საათები და არა აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა.

“8-დან 7-მდე ვმუშაობთ ყოველდღე, სამედიცინო დაზღვევა არ გვაქვს, დასვენება რომ გვინდა, ხელფასს არ გვიწერენ იმ დღეს. თანამშრომლებიც ნაწილმა ამ პირობებში მუშაობა დეკემბრიდან დაიწყო, ზოგი 2-3 თვეა, მოვიდა. რომ დავიწყეთ მუშაობა, კონტრაქტზე ხელი მოგვაწერინეს, მაგრამ არც ერთს არ გვაქვს კონტრაქტის მეორე ეგზემპლარი. შესვენება არ გვქონდა და რომ მოვითხოვეთ, მოგვცეს ერთი საათი, მაგრამ 6 საათამდე რომ ვმუშაობდით, 7-მდე გადაგვიტანეს სამუშაო დრო. თვეში 4 დასვენების დღეს ვითხოვთ, ხელფასის მომატებას და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას. მე მძღოლი ვარ და 20 ლარი მაქვს ხელფასი, მუშებს 18-17 ლარი. ყველა ერთნაირი გრაფიკით ვმუშაობთ,” – ამბობს გოჩა კორკოტაძე.

მისივე თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული 70-დან 80-მდე ადამიანია და პირობების დაკმაყოფილებამდე ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნენდებიან.

როგორც გოჩა კორკოტაძე ყვება, კომპანიის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა, უშედეგო აღმოჩნდა. მისი თქმით, დღეს გაფიცულები ქალაქის მერმაც მოინახულა და კომპანიის მენეჯმენტთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

“შეხვედრაზე გვითხრეს, რომ 3 თვის შემდეგ, ვინც კარგად იმუშავებს, ხელფასს 2 ლარს მოუმატებენ. ეს დაცინვად მივიღეთ. ხაშურის მერი იყო ამოსული და გვითხრეს, რომ სათაო ოფისს დაველაპარეკებითო. ველოდებით, ჯერ პასუხი არ ვიცით,” – ამბობს გოჩა კორკოტაძე.

“ფორტუნა” კომპანია “სინოჰიდროსაც” დაუკავშირდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ესაუბრა.

როგორც კომპანიაში განმარტეს, მათთან მუშების წერილობითი მოთხოვნები შევიდა და ამჟამად კომპანიის იურისტები სწავლობენ, შემდეგ კი ეცდებიან, “ოქროს შუალედი” მოძებნონ, რომლითაც კომპანიის ინტერესებიც და მუშების უფლებებიც დაცული იქნება. თუმცა, კომპანიაში ჯერ ვერ ამბობენ, როგორი იქნება ეს ოქროს შუალედი. გამოუყოფენ თუ არა თანამშრომლებს კანონით კუთვნილ დასვენების დღეებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამაზე მსჯელობა მიდის.

კომპანიამ “ფორტუნას” ასევე დაუდასტურა, რომ მუშებს, ვისი მუშაობაც დააკმაყოფილებთ, 2 ლარის მომატება შესთავაზა.

“მუშაობის შესაბამისად ფასდება. 2 ლარის  ყოველდღიურ ხელფასზე მომატებაზე არის საუბარი, ყოველთვიურზე არა. კონტრაქტები დღიურ ანაზღაურებაზე გვაქვს გაფორმებული. ერთჯერადი 2 ლარის მომატებაზე არ არის საუბარი, ერთ 2 ლარს შეიძლება, კიდე დაემატოს 2 ლარი და 4 გამოვიდეს, გააჩნია, რამდენი ხანი იმუშავებს და როგორი კმაყოფილები იქნებიან,” – აცხადებენ კომპანიაში, თუმცა,  ვერ აზუსტებენ, როგორ ითვლება კმაყოფილების ინდექსი.

“არ ვიცი, აი ჟურნალისტების შემთხვევაში როგორ ითვლება?” – იკითხა მან.

“ფორტუნას” კომპანიის წარმომადგენელმა ისიც დაუდასტურა, რომ მუშებს მართლაც არა აქვთ თავიანთი კონტრაქტები. “სინოჰიდროში” ამბობენ, რომ თანამშრომლებიც კონტრაქტებს მალე მიიღებენ და მათ მოთხოვენბსაც შეძლებისადგვარად მალე უპასუხებენ.

ჩინური კომპანია “სინჰიდრო”, რომელსაც საქართველოში 250-მილიონიანი პროექტი მისცეს, “აფრიკის განვითარების ბანკმა” თაღლითობაში ამხილა და შავ სიაში შეიყვანა.  გამოძიებამ, რომელიც ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს, დაადგინა, რომ ჩინური კომპანია თაღლითური გზით პროექტის ბიუჯეტის თანხებს ითვისებდა.

 

თაკო ივანიაძე