LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხართ თუ არა შოპოჰოლიკი – 8 სიმპტომი, რომელიც მავნე „გატაცებაზე“ მიგვანიშნებს

1919

მუდმივად წუწუნებთ, რომ არაფერი გაქვთ ჩასაცმელი, მაგრამ თქვენი კარადა ყველა სიტუაციის შესაფერისი სამოსითაა სავსე? ხშირად პოულობთ ნივთებს, რომლებიც შეძენის შემდეგ აღარც კი გახსოვდათ? ჯერ ნივთებს ყიდულობთ და შემდეგ ფიქრობთ მის საჭიროებაზე? – თუ ამ კითხვებიდან ერთ-ერთს დადებითად უპასუხეთ, შესაძლოა თქვენ ონომანიით, იგივე შოპოჰოლიზმით იყოთ დაავადებული.

ონიომანია ყიდვის აკვიატებულ სურვილს, ზოგჯერ სრულიად უსარგებლო საგნების შეძენისადმი პათოლოგიურ ლტოლვას ნიშნავს. სტერეოტიპულია შეხედულება, რომ შოპოჰოლიზმი მხოლოდ ახალი ფეხსაცმლის ან ჩანთის ყიდვის დაუძლეველი სურვილია, რეალურად ონიომანიით დაავადებულ ადამიანებს ხშირად ისეთი ემოციური პრობლემები აწუხებთ, როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, დეპრესია და მარტოობის განცდა. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ თვითკონტროლის უნარი და ნივთებს ბიუჯეტის გათვალისწინების გარეშე ყიდულობენ.

საყიდლებისთვის დიდი დროის დათმობა და ნივთების იმპულსურად შეძენა შვებულების, თავისუფალი დღეებისა ან მოგზაურობის დროს უჩვეულოდ არ მიიჩნევა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა საყიდლები გუნება-განწყობის გაუმჯობესებაზე ახდენს დადებით გავლენას. პრობლემა ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოიქმნება. შოპინგომანები საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების უგულვებელყოფით, არსებული ბიუჯეტით ან არარსებული თანხით (კრედიტებით) მუდმივად, ნივთების შეძენით არიან დაკავებული და ამით ახალ ფინანსურ პრობლემებს ქმნიან.

ონიომანიას 21-ე საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ. სავაჭრო ცენტრების მომრავლებასთან ერთად დაავადების გავრცელებას ხელს ინტერნეტიც უწყობს. შოპინგი სამუშაო დროს, კომპიუტერთან ყოფნის დროსაც შესაძლებელია. ინტერნეტ მაღაზიების მომხიბვლელი შემოთავაზებები მთელი შემოსავლის ერთ დღეში, ოფისიდან გაუსვლელად დახარჯვის შესაძლებლობას იძლევა.

ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა რუთ ენგმა ონიომანიის სიმპტომების და შესაძლო სიტუაციების ჩამონათვალი შეადგინა, რომელიც საკუთარ თავში შოპოჰოლიკის აღმოჩენასა და პრობლემის გაცნობიერებაში დაგეხმარებათ.

ონიომანიის (შოპოჰოლიზმის) სიმპტომებია:                                                                                  

  • საჭიროზე მეტის ყიდვა;
  • ბიუჯეტის გადაჭარბებით ხარჯვა;
  • ნაყიდი ნივთების ოჯახისგან და მეგობრებისგან საიდუმლოდ შენახვა;
  • ყიდვის შემდეგ დანაშაულის შეგრძნება;
  • ნაყიდი ნივთების დაბრუნების სურვილი;
  • ქეშის ნაცვლად საკრედიტო ბარათების გამოყენება;
  • ახალი კრედიტების აღება საყიდლებისთვის;
  • შფოთვა, დეპრესია შოპინგამდე.

საკუთარ თავში შოპოჰოლიკის აღმოჩენის შემდეგ, მავნე „გატაცებასთან“ საბრძოლველად აპრობირებული მეთოდია  მაღაზიაში სავაჭრო სიით სიარული, ყოველდღიურად მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული თანხის ტარება, სესხის დაფარვის შემდეგ კი საკრედიტო ბარათების გაუქმება/განადგურება.

სწორედ ამ მეთოდით ებრძვის ცნობილ ფილმში „Confessions of a Shopaholic”  ფინანსური ჟურნალისტი საკუთარ გატაცებას.

ფილმის გმირის მსგავსად, თუ ვერც თქვენ ახერხებთ საბანკო ანგარიშის ლიმიტსა და სავაჭრი ცენტრების შემოთავაზებებს შორის ბალანსს, პრობლემის მოსაგვარებლად სასურველია ფსიქოლოგს მიმართოთ.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები