LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარჯები დასაზოგად: ბათუმში ერთი და იგივე პირი ორ თანამდებობაზე დანიშნეს

87
STADION-Batumi-2-1200x800

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი და იგივე პირი ორ სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნა. საქმე ეხება შპს “სტადიონის” დირექტორს ჯაბა სურმანიძეს, რომელიც 20 თებერვალს,  პარალელურად, შპს „ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორიც გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“ბათუმელების” ცნობით, სურმანიძის ხელფასი ორივე პოზიციაზე ჯამში 9 150 ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ჯაბა სურმანიძის, როგორც „ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის ხელფასი 2 900 ლარია, ხოლო როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორის ხელფასი – 6 250 ლარი. მისი ხელფასი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელფასზე მაღალია. ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძის ხელფასი თვეში 5 750 ლარია.

„პროექტები, რომლებსაც ჯაბა სურმანიძე ხელმძღვანელობს არის დაახლოებით, 300 მილიონზე მეტი პორტფელი და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ეს პროექტები. სწორედ ამიტომ მართავს ეს ადამიანი ორივე პროექტსა და კომპანიას, რომ არის ძალიან მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი.

მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი აღნიშნულ კომპანიაში დასაქმდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა, დანაზოგი დიდად აღემატება იმ ხელფასს, რასაც ამ ადამიანს უხდიდნენ…“ – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე “ბათუმელებთან” ინტერვიუში.

ვახტანგ გომელაური შეთავსებით უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე იმუშავებს (ვიდეო)

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, აჭარის მთავრობის პრესცენტრში აღნიშნავენ, რომ პროექტების განხორციელებისას, პროექტების მართვისა და მენეჯმენტის პროცესში, მიღებულ იქნა სწორი გადაწყვეტები, რითაც დაიზოგა საბიუჯეტო სახსრები.