კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ხანძრის ქრობის პროცესი ოპერატიულად მიმდინარეობს და შესაბამისი ორგანოები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ“.
მისივე განმარტებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს, შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ.
სოფელ შილდის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული
„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა განკარგულება ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ჩართვის შესახებ. ჩართულია თავდაცვის სამინისტროს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, ჩართულია ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ოპერატიულად უზრუნველყოფენ ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამის შესახებ შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ კომენტარს. ხანძრის ქრობის ღონისძიება ოპერატიულად მიმდინარეობს და ყველაფერს აკეთებენ შესაბამისი ორგანოები იმისთვის, რომ ცეცხლი დროულად იქნეს ლოკალიზებული და ლიკვიდირებული“, – განაცხადა ალადაშვილმა.