ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეფაქტო ხელისუფლება ახალგორის საზღვრის ჩაკეტვას სამუდამოდ გეგმავს. ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ.
როგორც ისინი ამბობენ, ხალხი გაფრთხილებულია, რომ ან ახლა დატოვონ სოფლები, ან არადა “ჩარჩებიან”.
ადგილობრივების ინფორმაციით, საგუშაგოზე გამოკრულია განცხადება, რომლის თანახმად, ე.წ. საზღვარი 3 სექტემბრიდან იკეტება. რამდენი ხნით, მითითებული არ არის. ახალგორელებისთვის უცნობია გადაწყვეტილების მიზეზიც.
როგორც “ფორტუნას” სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარები დღეს, ერგნეთში, 14:00 საათზე ჩანიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე გაკეთდება.
“ცუდი ამბების მაცნე კი გამოვდივარ, მაგრამ ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს ქვეყანაში
ახალგორში იკეტებოდა ხოლმე გზები რამდენიმე დღით, ერთი კვირით, ახლა მიიღო გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ და სამუდამოდ კეტავენ.
დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარ წახვალთო.
ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია, არც დატოვება უნდათ და არც სულ იქ ჩარჩენა.
ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ აქო.
სახელმწიფოს შეგრძნება მთლიანად დაკარგული მაქვს.
რაღაც სასწაულის მჯერა, სხვა არაფრის,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ნინია ყოჩიშვილი.