“ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად არის სამხრეთ ოსეთი და სად საქართველო. ამ შემთხვევაში აღარ იქნება ყველა ის სანქცია თუ ჯარიმა, რაც დაკავებულებს ეკისრებათ” – ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე დეფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო რეს ავრცელებს.
“ქართულმა მხარემ წინა შეხვედრებზეც მიუთითა რომ ეს პოლიტიკური საკითხია. ჩვენ კი ვცადეთ აგვეხსნა, რომ ეს წმინდად პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად არის სამხრეთ ოსეთი და სად საქართველო. ამ შემთხვევაში აღარ იქნება ყველა ის სანქცია თუ ჯარიმა, რაც დაკავებულებს ეკისრებათ”, – აცხადებს კოჩიევი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამთვიანი პაუზის შემდეგ გამართული შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა უკომენტაროდ დატოვა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეხვედრის კარავთან მისვლის საშუალება ჟურნალისტებს მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრის ადგილი დატოვეს. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხი, რაც ერგნეთის 14 სექტემბრის შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა, დღევანდელ შეხვედრაზე არ დასმულა. განსახილველ 11 საკითხს შორის იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე ოკუპირებულ ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე. შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემები, რომელიც საოკუპაციო ზოლში ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს ექმნება.