LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხის ძალა“ – „უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის“

127
„ხალხის ძალა“

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, უნდა გასამართლდეს“, – ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“ – „ხალხის ძალა“

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განცხადებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობა არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება“.

„უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, “ელიტური” კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება და მრავალი სხვა, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან.

კოლექტიური ნაცმოძრაობა არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება. აგენტი იმთავითვე ხელს აწერს პირობას, რომ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, მათ შორის ისეთ დავალებასაც კი, რომლის შესრულებამაც ქვეყანა ომში და უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შეიძლება გახვიოს, ან, თუნდაც, სუვერენიტეტი სრულად დააკარგვინოს. ისინი ნებისმიერ დროს შეასრულებენ საქართველოს უკრაინიზაციის დავალებას და აქამდე შესრულებულიც ექნებოდათ, ხელისუფლებას სწორად და პრინციპულად რომ არ ემოქმედა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე რომ არ დაეცვა.

ცოტა ხნის წინ, გლობალურმა ომის პარტიამ ე.წ. „წამების პრევენციის კომიტეტს“ სააკაშვილზე დააწერინა, ვიდეოთვალთვალი მის ღირსებას ლახავდაო. იმ ფონზე, რომ სააკაშვილის მკვლელობაზე, წამებაზე, მოწამვლაზე და მსგავს სისულელეებზე დღეს აღარავინ ლაპარაკობს, ეს მცირე ჟესტი, ძირითადად, სხვა აგენტებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა აგენტებს უნდა დაენახათ, რომ პატრონები საკუთარ თანამშრომელს ბოლომდე არ წირავენ და მინიმუმ, ციხეში სრულიად უყურადღებოდ არ ტოვებენ.

ყველას გვახსოვს, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ სააკაშვილის დასახსნელად, თავის დროზე, ლამის მთელი თავისი ევროპული აგენტურა ფეხზე დააყენა. ამ ხაზის გაგრძელება მათ ახლაც შეუძლიათ, თუმცა, ჩანს, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია ახლა არა სააკაშვილზე, არამედ სხვა რამეზეა გათვლილი.
სააკაშვილის გათავისუფლება რომ უნდოდეთ, სალომე ზურაბიშვილს მას ნებისმიერ მომენტში შეაწყალებინებდნენ. თუმცა, ხედავენ, რომ ნაცმოძრაობა ღრმა კრიზისშია ჩაფლული და ჭაობიდან მას ვერც ბელადის გათავისუფლება ამოიყვანს. სააკაშვილით თუ მის გარეშე, ნაცმოძრაობა მაქსიმუმ 30-35 მანდატს მიიღებს პარლამენტში, ასეთ პირობებში კი, მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას იოლად მოიპოვებს.

შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს უფრო მეტად არა სააკაშვილზე, არამედ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაალახინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ სალომეს სააკაშვილს შეაწყალებინებენ, მას იმ მწირ რესურსსაც გააფლანგინებენ, რომელიც დღეისათვის აქვს შეკოწიწებული.

სალომესა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს. თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში – სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ ჯერჯერობით ბალანსს იცავს, სააკაშვილის არარსებულ ღირსებაზე საუბრობს და შეწყალების საკითხს ღიად ტოვებს. უფრო მაღალი ალბათობით, საბოლოოდ, არჩევანი მაინც სალომე-„ლელოს“ ალიანსზე შეჩერდება.

პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“ გვარამია-მელიას გაერთიანებაზეც მუშაობს. თუ ჩათვლიან, რომ მათ 5-პროცენტიანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის რესურსი აქვთ, ცალკე მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სალომე-„ლელოს“ ბლოკს მიუერთებენ.

რამდენად შეძლებს „გლობალური ომის პარტია“ გამოცდილი ქართული საზოგადოების თვალში სალომეს, ხაზარაძის, გვარამიას და მელიას შუაშისტურ ძალად წარმოჩენას, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ 2016, 2020 და 2021 წლებში მათ შუაშისტის სახელი ვერც ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, ვერც ხაზარაძის „ლელოს“ და ვერც გახარიას პარტიას მიაწებეს. დიდი ალბათობით, ფსევდოშუაშისტური გაერთიანების წარმატების მორიგი მცდელობაც წარუმატებლობით დასრულდება. მთავარია, საზოგადოება ყველაფერს გულდასმით დააკვირდეს, რომ ვერცერთმა ფსევდოშუაშისტურმა პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს“, – წერია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

? საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” განცხადება

? კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც აერთიანებს პარტია…

Posted by ხალხის ძალა / People’s Power on სამშაბათი, 23 იანვარი, 2024

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები