LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი მას შეშლისს უწოდებს, კრიტიკოსები, გენიოსს – გაიცანით ალტერნატიული როკის დედოფალი

267
1

მუსიკალური ისტორიები

„ფორტუნას“ დღევანდელი ,,მუსიკალური ისტორიის” გმირი ალტერნატიული როკის დედოფალია. თქვენ ვერსად ნახავთ მის ინტერვიუს, მას ვერასოდეს შეხვდებით წვეულებებზე, ის ძალიან დახურულ ცხოვრებას ეწევა და მხოლოდ მუსიკითაა დაკავებული. მუსიკას იშვიათად წერს, ამის მიუხედავად, მსოფლიო მას იცნობს როგორც ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეულ მუსიკოსს. ეს უნიჭიერესი ფიონა ეფლია.

მომღერალი შემოქმედებით ოჯახში გაიზარდა, მისი მამა მსახიობი, ხოლო დედა მომღერალია. ამბობენ, რომ ფიონა ძალიან ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, 11 წლის ასაკში ჰქონდა ნერვული  შეტევა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. 12 წლის ასაკში ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რამაც მომავალი მომღერალი სამუდამოდ ჩაკეტა საზოგადოებისთვის.

მთელს კარიერას ფიონა ერთ უცნაურ ისტორიას უნდა უმადლოდეს. ფიონამ თავისი სამოყვარულო სიმღერების კასეტა მოსასმენად  მეგობარს ათხოვა, რომელიც მაშინ ჟურნალისტ კატრინ შანკერის სახლში მომვლელად მუშაობდა. ასე, სრულიად შემთხვევით მოისმინა ცნობილმა ჟურნალისტმა ფიონას ხრინწიანი და ძალიან ძლიერი ხმა, ეს ხმა „სონი მუზიქსის“ ხელმძღვანელს მოასმენინა და კონტრაქტი მომენტალურად გაფორმდა. სწორედ ამ კასეტაზე იყო ჩაწერილი ფიონას დღემდე ყველაზე პოპულარული ჰიტი Never Is a Promise.

ფიონა ეფლის სადებიუტო ალბომის სახელწოდება გახლავთ Tidal, ის 1996 წელს გამოვიდა და სამჯერ გახდა პლატინის ტიტულის მფლობელი. ყველაზე ცნობილი ჰიტი, რომელსაც დღემდე სიამოვნებით ვუსმენთ, გახლავთ Criminal. 19 წლის ულამაზესი გოგონა დიდი ცისფერი თვალებით პუბლიკამ მომენტალურად შეიყვარა, თუმცა, ფიონას ასეთი პოპულარობა არ სურდა. სხვათა შორის ხმის ტემბრითა და სტილით ფიონას ხშირად შადესაც ადარებდნენ. მუსიკოსის მეორე ალბომი სამი წლის შედეგ გამოვიდა და მალევე გინესის რეკორდსმენი გახდა. მიზეზი მისი სახელწოდებაა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები 90 სიტყვისგან შედგებოდა, გაყიდვაში ის შემოკლებული სახელწოდებით When the Pawn გამოვიდა. ალბომის მთავარი სინგლია Fast As You Can.

ალტერნატიული როკის დედოფლად მონათლული ფიონა წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად რადარებიდან გაქრა. ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი ღრმა დეპრესია იყო, რომელიც მუსიკოსს რეჟისორ ტომ პოლთან დაშორების გამო ჰქონდა. რეჟისორმა და მომღერალმა ერთმანეთი ცნობილი კლიპის Across the Universe მუსკალური ვიდეოს გადაღებებზე გაიცნეს.

მომდევნო ალბომის გამოსვლას ფანები ექვსი წელი ველით. ალბომი Extraordinary Machine 2005 წელს გამოვიდა და მთავარი ჰიტი გახლდათ სიმღერა Not About Love. აქ უკვე მისი მუსიკა ბევრად ღრმა, კლიპი კი ბევრად სევდიანია. მომღერალი გაქრა ისევ და დაბრუნდა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლო ალბომი კი წელს გამოვიდა.

ფიონა ეფლი შოუბიზნესის სამყაროში ყველაზე წინააღმდეგობრივი არტისტია. ხალხი მას შეშლილს უწოდებს, კრიტიკოსები – გენიოსს, ფანები კი უბრალოდ ტკბებიან მისი საოცარი მუსიკით. მისი მუსიკა იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ტკივილი, სიყვარული და ოცნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები